ანტონ ობოლაშვილი: „ქართული ოცნების” გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას და აქვს უნარი, ეტაპობრივად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს

„ასპინძა არის უძველესი ისტორიული მხარე, სამშობლო შოთა რუსთაველისა, ნამდვილი სამოთხე კულტურულ-ისტორიული ძეგლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთა ნახვისას თვალწინ გვიცოცხლდება ვეფხისტყაოსანი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა წარდგენისას განაცხადა.

ობოლაშვილი მოსახლეობას ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა.

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსაკუთრებულ ადგილას, ვარძიაში, რომელიც არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, XII-XIII საუკუნეების ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც ასოცირდება ჩვენი ქვეყნის სიძლიერესთან. ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ სწორედ ამ ისტორიული ადგილიდან. ასპინძა არის უძველესი ისტორიული მხარე, სამშობლო შოთა რუსთაველისა, ნამდვილი სამოთხე კულტურულ-ისტორიული ძეგლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთა ნახვისას თვალწინ გვიცოცხლდება ვეფხისტყაოსანი”.

იყო ამ ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდი პასუხისმგებლობაა და მე ვარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის, რომ ვიყო სამსახურში ჩვენი ასპინძის და ასპინძელების. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის. მადლობა „ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს რეგიონს და ასპინძის მუნიციპალიტეტს, ასევე კარგად ვიცი თუ რა არის გასაკეთებელი და რით შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიციპალიტეტში და ამით თითოეულმა ჩვენთაგანმა მიიღოს მეტი სარგებელი და სიკეთე. ჩემი უმთავრესი ამოცანა იქნება გავაძლიერო ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გვქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენგანს.

გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 2013 წლისთვის, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, სულ რამოდენიმე ასეული ათასობით ლარი. დღეს კი ეს გადასცდა 12 მილიონ ლარს. ხორციელდება მრავალი პროექტი, რომელთა შორის გამოსარჩევია პროგრამა „დანერგე მომავალი”, ხორციელდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და „შეღავათიანი აგროკრედიტის” სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ასპინძის მუნიციპალიტეტში 5 მილიონი ლარზე მეტი მოცულობის პროექტები განხორციელდა, გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 76 პროექტი, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება. ამ მიზნით, 2013-2019 წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა -კურორტ „ასპინძაში” მისასვლელი საავტომობილო გზის და ხიდის რეაბილიტაცია; სოფლებში ნაქალაქევი და თმოგვი, სამონასტრო კომპლექსის ვანის ქვაბებისა და წუნდას ეკლესიის მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ასპინძაში, წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშისა და წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობა; სოფელ ოთაში, სამონასტრო კომპლექსი „შორეთის” რეაბილიტაცია; სოფელ ჭობარეთის ანტიკური ხანის ნამოსახლარის და სოფელ ძველში რაბათის ციხის არქეოლოგიორი კვლევა; ვარძიის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფელ დამალისა და სოფელ აწყვიტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების რეაბილიტაცია; ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ტურისტული ბილიკების დაგეგმვა და მისი პასპორტიზაცია. ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციოდ და მშენებლობისთვის დახარჯული იქნა 19 მლნ. ლარზე მეტი. აღარ გავაგრძელებ ყველა განხორციელებული პროექტის ჩამოთვლას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას, აქვს მომავლის ხედვა და უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ, მიუხედავად დიდი პროგრესისა, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობით, აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდენბლო ორგანოში. ვთვლი, რომ მაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ჩემი რეგიონის კიდევ უფრო მეტ განვითარებას ხელი შევუწყო. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება ბევრი წარმატებებები”, – აღნიშნა ობოლაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები