მესტიის სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.