ევროკავშირი საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის – “საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა” რიგით მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ბეატრის სალვადორ გარსია ხელმძღვანელობდნენ.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.
​ევროპული მხრიდან შეხვედრაში ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, აუდიოვიზუალური პოლიტიკის, საინფორმაციო საზოგადოებისა და ტექნოლოგიების მმართველობის სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეულ ძალისხმევა და მიღწეული შედეგი.
​სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ სექტორებში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და მოხდა შეთანხმება მომავალი ერთი წლის სამოქმედო ნაბიჯებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები