შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა დასტურდება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ნივთიერი მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნია.
საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა.
„ბრალდებამ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და სასამართლო გადავიდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე. ბრალდებულებმა არ მისცეს ჩვენება, მათ დამატებითი კონსულტაციები სჭირდებათ ადვოკატებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით დასტურდება თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – აცხადებს ნანა გუგუტიშვილი.