,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულები აქციების განახლებით იმუქრებიან და სახელმწიფოს გამოძიების დასრულებას სთხოვენ
სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს თაღლითური კომპანიის დანაშაული, გამოკვეთოს სახელმწიფო ჩინოვნიკთა გულგრილობა და შიდა ვალად აღიაროს ამ ადამიანების წინაშე გასაცემი თანხები, – ამის შესახებ პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა თემაზე ,,სახელმწიფოს მიერ საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულთა საქმის გამოძიების დღემდე მიღწეული შედეგები და დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა” საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
შეგასენებთ, რომ ,,საფინანსო კომპანია საქართველო“ თბილისში, კოსტავას 73-ში ფუნქციონირება 2008 წელს დაიწყო, ხოლო 2016 წლის 1-ლ ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ ორგანიზაციას ფუნქციონირების უფლება შეუწყვიტა. საგამოძიებო ორგანოების მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, დაზარალდა დაახლოებით 2 400 მოქალაქე, რომელთა ფინანსურმა ზარალმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებულ გამოძიებაში იკვეთება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრიდან მინიმუმ დანაშაულებრივი გულგრილობის ფაქტები, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის მიერ თაღლითური საქმიანობის წარმართვას და მოქალაქეების გაღატაკებას.
გია ჟორჟოლიანმა, საქართველოს პარლამენტის წინაშე დააყენა ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმიანობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი,თუმცა დღემდე მოქმედ პარლამენტში არ აღმოჩნდა საკმარისი მხარდამჭერები და კომისია ვერ შეიქმნა.
,,ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ პარლამენტში, სადაც პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ სერიოზული ძალით ვიქნებით წარმოდგენილნი, ბოლომდე მივიყვანთ ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმის გამოძიებას, რომლის შედეგადაც დაისჯებიან დამნაშავეები და სახელმწიფო გამონახავს გზებს დაზარალებული მოქალაქეებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად, “-განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის,”- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულმა ეთერ კოხტაშვილმა ჟურნალისტებს გამოძიების დღემდე აღნიშნული შედეგები გააცნო.
“დღემდე არ არის დადგენილი დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი და ის თანხა, რომელიც მოტყუებით მიიტაცა,,საფინანსო კომპანია საქართველომ“ გამოძიება 4 წელზე მეტხანს მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში უკვე დაიღუპა 50 დაზარალებული, 3-მა მათგანმა თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემების გამო კი სხვადასხვა კლინიკაში დღემდე მკურნალობენ უბინაოდ და უსახსროდ, ქუჩაში დარჩენილი ადამიანები. გახსოვთ, ყოველ საათში სხვადასხვა ტელევიზიებიდან, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, როგორ მოგვიწოდებდნენ ცნობილი სახეები დაგვებანდებინა ფული ,,საფინანსო კომპანია ,,საქართველოში.“ ნუთუ არცერთი ეს რეკლამა წლების განმავლობაშ არ უნახავს ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნებს და არ დაფიქრებულან კომპანიის თაღლითურ სქემაზე, რომელიც, ადრე თუ გვიან მოქალაქეებს დააზარალებდა? ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, თუ ხელისუფლება და მომავალი პარლამენტი უახლოეს მომავალშ ჩვენს საკითხს არ განიხილავს და კვლავ უპასუხოდ დაგვტოვებს, განვაახლებთ აქციებს, შევაკვდებით და ხელისუფლებას იძულებულს გავხდით აგვინაზღაუროს ზარალი იმ უწყებებმა, რომელთა სამსახურებრივი გულგრილობის გამო ასობით ოჯახი დაზარალდა,”- განაცხადა დაზარალებულმა.
ჟორჟოლიანის თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს თაღლითური კომპანიის დანაშაული.
“ჩვენმა ფრაქციამ მიაღწია იმას, რომ ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ და მათ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საქმე შევიტანეთ ბიუროს დღის წესრიგში. ბიურომ საკითხი განიხილა და სასესიო დღის წესრიგში შეიტანა, თუმცა სესიაზე აღარ გაუტანია. სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს თაღლითური კომპანიის დანაშაული, გამოკვეთოს სახელმწიფო ჩინოვნიკთა გულგრილობა და შიდა ვალად აღიაროს ამ ადამიანების წინაშე გასაცემი თანხები,”-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულები.