ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალი გარდაცვლილი იპოვეს (ვიდეო)
აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილი ქალის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოტანილია. მანამდე, მეხანძრე- მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
“120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.
გვიან ღამით აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.
აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.