მეექვსე დღეა, მთიან ყარაბაღსა (არცახი) და მის შემოგარენში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამხედრო საქმის რუსი და სხვა უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ჯერჯერობით, მცირე უპირატესობა აზერბაიჯანის მხარესაა.
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის გარკვეულ უბნებზე მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლის დაკავებაც შეძლეს. სპეციალისტები აზერბაიჯანელების ამ წარმატებას მათ არსენალში არსებულ უკეთეს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური იარაღს უკავშირებენ. განსაკუთებული აქცენტი თურქულ და ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებზე კეთდება.
ამ შედარებით ახალი იარაღის უნიკალური საბრძოლო შესაძლებლობები და ეფექტურობა ყველაზე კარგად სირიაში გამოჩნდა. უპილოტოებს აშშ და მისი მოკავშირეები ერაყსა და ავღანეთშიც იყენებდნენ, თუმცა, სირიაში ეს იარაღი უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ჯიჰადისტებს კუსტარულად დამზადებულმა დრონებმაც კარგი სამსახური გაუწიეს.
სწორედ დრონებით მიიტანეს იერიში იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ე.წ. კამიკაძე დრონებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით გაანადგურეს თურქებმა და ებრაელებმა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები ( „პანცირი“) სირიასა და ლიბიაში.
რუსეთის სტრატეგიისა და ანალიზის ცენტრის ( ЦАСТ ) ექსპერტის, იური ლიამინის შეფასებით, ფაქტია, რომ აზერბაიჯანის არმიის მთავარ დამრტყმელ ძალად სწორედ უპილოტო საფრენი აპარატები იქცა და სომხეთს, ჯერჯერობით, უჭირს მათი შეტევების ეფექტურად მოგერიება. ლიამინის თქმით, სომხური ფორმირებები საჰაერო თავდასხმების მოგერიებას, ძირითადად, რუსული Стрела-10-ითა და Оса-თი ცდილობენ
როგორც უცხოური პრესა წერს, აზერბაიჯანის შეიარაღებაში არსებული უპილოტო საფრენი აპარატებიდა კონფლიქტის ზინაში ყველაზე ეფექტურად და აქტიურად თურქულ Bayraktar TB2-ს იყენებენ. კომპანია Baykar Makina-ის მიერ დამზადებული Bayraktar TB2 -ის პირველი ფრენა 2014 წელს შედგა, ხოლო პირველი საბრძოლო „ნათლობა“ 2016 წელს ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ მიიღო.
საფრენ აპარატს შეუძლია როგორ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის კორექტირება, ასევე – სხვადასხვა ტიპის ბომბისა და რაკეტის გადატანა-გამოყენება.
კომპლექსის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:
სიგრძე: 6,5 მეტრი
სიგანე: 12 მეტრი
მაქსიმალური ასაფრენი მასა : 650 კ.გ.
მაქსიმალური სიჩქარე: 222 კმ / სთ
მოქმედების რადიუსი 150 კმ.
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე: 8200 მ.
ავტონომიურობა : 24 სთ.შეიარაღება – 4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ან საავიაციო ბომბები.
აზერბაიჯანის შეიარაღებაშია, ასევე, ისრაელის წარმოების Heron, Hermes-450, Hermes-900 და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.