დავით სერგეენკო: საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გასამმაგდა
“საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი ,,ქართული ოცნების” მმართველობის დროს გასამმაგდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
საბურთალოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მყარი ჯანდაცვის სისტემის შეფასების კრიტერიუმები დაასახელა.
საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად, რაოდენობრივი დანახარჯების მხრივ იღებს იმ რიცხვს, რასაც ხარჯავს სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტიდან(მშპ-დან) ჯანდაცვაზე.
„დასაბუთებულია, რომ ქვეყნები რომლებიც ხარჯავენ ჯანდაცვაზე მშპ-დან 5%-ს და ზემოთ, აქვთ სტაბილური ჯანდაცვა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ყველა საჭიროება, მათ შორის მედიკამენტები,”- აცხადებს დავით სერგეენკო.
ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განმარტავს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს ხარჯავდა ჯანდაცვაზე.
„შედარებისთვის, ეს მონაცემები ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მონაცემების მსგავსია. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის სამჯერ და დღეის მდგომარეობით, 2.9%-ს შეადგენს”, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
მიუხედავად ჯანდაცვის დარგისთვის გასამმაგებული ბიუჯეტისა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს ყველა საჭიროება ჯანდაცვის სფეროში.
„შედარებისთვის, თუ საქართველო მშპ-ს 2.9%-ს ხარჯავს სამედიცინო სფეროზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები 4-5%-ს ხარჯავენ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი 8-12%-ს, ხოლო აშშ-ში 17%. ეს პროცენტები უკვე გვაძლევს გარკვეულ სურათს. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუტოლდეს ევროპული ქვეყნების სისტემას”, – აცხადებს საბურთალოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.