ექიმი, რომელსაც პროკურატურა პაციენტის კომატოზურ მდგომარეობაში ჩაგდებას ედავებოდა, გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ვახტანგ ყიფიანი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა აღკვეთის ღონისძიების სახე გადასინჯეს, სადაც დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. თავად ვახტანგ ყიფიანი პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.

საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, კლინიკა იღებს ვალდებულებას, რომ პაციენტს სათანადო მკურნალობას გაუწევს.

“ჩვენ, პირველ ყოვლისა, გავითვალისწინეთ დაზარალებული მხარის პოზიცია. ჩვენ წინაშე წარდგენილი იყო დაცვის მხარის მიერ ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი და, დაზარალებულთან გასაუბრების შემდეგ, დავადგინეთ, რომ კლინიკა იღებს ვალდებულებას,  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს და, ასევე, ის მატერიალური ზიანი, რომელიც ოჯახს ჰქონდა, სრულად აუნაზღაურდათ”, – აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ექიმს, მაგდა ხოჭოლავას, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურის ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო  ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,  ყიფიანის აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები