შსს-ს ქუთაისის პოლიციის სამმართველოში არასრულწლოვნებზე მორგებული სივრცე მოეწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის პოლიციის სამმართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა, რომლის შედეგად აღნიშნულ სამმართველოში არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანთა სივრცე მოწყობილია გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით.
სივრცე არასრულწლოვნის გამოკითხვისთვის საჭირო ოთახებითა და აუდიო/ვიდეო აპარატურით, იზოლირებული შესასვლელითა და მოსაცდელითაა უზრუნველყოფილი. გარემოს არსებობა ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.