“მივესალმებით საბაგიროს ისტორიული მარშრუტის აღდგენას” – მამუკა სალუქვაძე

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღდგენას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივ მოსახლეობასთან განსახლების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, ის წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი იქნება. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში გახდება შესაძლებელი, ხოლო საათში საბაგირო 1 100 ადამიანს გადაიყვანს.

მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ თბილისის განახლებული გენერალური გეგმის ავტორები. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი, მამუკა სალუქვაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს ისტორიული მარშრუტი მოსახლეობისთვის მოსახერხებელი და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

„ამ მარშრუტით თბილისელთა არაერთი თაობა სარგებლობდა, თუმცა, 1980-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა ტრაგედიამ საბაგიროს მუშაობას, პრაქტიკულად, წერტილი დაუსვა. საკმაოდ მძიმე იყო ის სურათი, რაც კატასტროფის შედეგად მივიღეთ. შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ენერგეტიკული კრიზისი განვითარდა და საბაგიროსთვის აღარავის ეცალა. აღდგენის რამდენიმე უშედეგო მცდელობა იყო, რაც, ძირითადად, სწორედ მოსახლეობის პოზიციებს და მათ დაყოლიებას უკავშირდებოდა.

მისასალმებელია, თუ ეს ყველაფერი დადებითად გადაწყდა და თბილისის მერია მშენებლობის ტენდერის გამოსაცხადებლად მზადაა. ვფიქრობ, ამით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ატრაქცია შეემატება თბილისს. ეს არის ის ეკოლოგიურად სუფთა და გადასაადგილებლად მოსახერხებელი ტრანსპორტი, რომელიც რთული რელიეფის მქონე ქალაქმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. პარკის ტერიტორიაზე 4 წუთში ვერცერთი ავტომობილით ვერ იქნებით, ამიტომ, გაჩნდება უკეთესი ალტერნატივა – საბაგირო, რომლის მეშვეობითაც პარკში ვიზიტი გაცილებით მოსახერხებელი იქნება როგორც ერთი ადამიანისთვის, ასევე, მთელი ოჯახისთვის”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის პროექტის განხორციელებისთვის შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო უშუალოდ აღდგენას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები