27 სექტემბერს, გამთენიისას სამხეთ კავკასია საერთაშორისო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა – ყარაბაღში ომი დაიწყო.
გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან მოყოლებული, ეს უკვე სომხეთ -აზერბაიჯანის რიგით მესამე დიდი სამხედრო დაპირისპირებაა. რუსეთი, აშშ, ევროპა და ჩინეთი ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს. ჯერჯერობით, ამ მოთხოვნის ადრესატები გაჩერებას არ აპირებენ. მეტიც, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სხვადასხვა ფორმატში თითქმის 30-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, აზერბაიჯანი ისტორიული სამართლიანობის აღდგენასა და ძირძველი აზერბაიჯანული მიწების დაბრუნებას გეგმავს.
დაახლოებით, ანალოგიური რიტორიკა ისმის სომხური მხრიდანაც. საბრძოლო მოქმედებებს ყარაბაღში ( სომხურად არცახში ) სომხეთმა, ფაქტობრივად, სამამულო ომის სტატუსი მიანიჭა.
ვის მხარეს არის სიმართლე და რას ამბობს ისტორია?
ისტორიკოს ჯაბა სამუშიას მოსაზრებით, არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს ამ შემთხვევაში ისტორია მეგობრად არ გამოადგებათ. სამუშიას განმარტებით, ყარაბაღისა და მთლიანად კავკასიის ეთნოისტორიის შესწავლა საკმაოდ რთული და პრობლემური საკითხია. მისი თქმით, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე ყარაბაღის ეთნიკური და პოლიტიკური საზღვრები ყოველთვის ცვალებადი იყო და დროის რომელიმე მონაკვეთის ათვლის წერტილად აღება გაუმართლებელია. სამუშიას განმარტებით, იყო დრო, როცა ყარაბაღში ჯერ ალბანელები, მოგვიანებით კი, ძირითადად, ეთნიკური სომხები ცხოვრობდნენ, თუმცა, შუა საუკუნეებში არაბებისა და შემდგომ თურქი სელჩუკების გამოჩენამ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, კავკასიის ამ ნაწილში დომინანტი ისლამი და თურქულენოვანი მოსახლეობა გახდა, ანუ ისინი
– ვის მემკვიდრეებადაც დღევანდელი აზერბაიჯანელები საკუთარ თავს განიხილავენ.
შექმნილ სიტუაციაში სამუშია ფიქრობს, რომ უპრიანი და უმჯობესი იქნება, თუ სადავო საკითხების გადაწყვეტისასა მხარეები საერთაშორისი სამართლის ნორმებითა და გაერო-ს მიერ აღიარებული საზღვრებით იხელმძღვაელებენ.
„ათვლის წერტილი უნდა იყოს გაერო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილი საზღვერები. სხვა შემთხვევაში, დავები და ისტორიული წიაღსვლები უსასრულოდ გაგრძელდება. ეს კი მთელს მსოფლიოში სრულ ქაოსსა და გაურკვევლობას გამოიწვევს“, – აცხადებს სამუშია.
სამუშიას თქმით, სწორედ ამ საზღვრების ფარგლებში უნდა იყოს მოძიებული გარკვეული კომპრომისებიც, იქნება ეს ავტონომია, კონფედერაცია თუ თანაცხოვრების სხვა ფორმები. სამუშიას მოსაზრებით, დაახლოებით, იმავეს თქმა შეიძლება საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებითაც და ისტორიული წიაღსვლები არც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს გამოადგებათ.
სამუშიას განმარტებით, სხვა შემთხვევაში, დაინტერესებული გარე ძალები ყოველთვის შეძლებენ დაპირისპირების პროვოცირებასა და მათთვის სასურველი სტატუს კვოს შენარჩუნებას.
„ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს საქართველოში და ყარაბაღშიც“ , – აცხადებს სამუშია.
ყარაბაღისა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მსაგვსებასა და განსხვავებზე საუბრობს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილიც. ბატიაშვილის თქმით, ამ კონფლიქტების საერთო მახასიათებელია ის გარემოება, რომ მთავარი აქტორი ყარაბაღში და საქართველოშიც რუსეთია. ბატიაშვილის თქმით, განსხვავება ისაა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს ოკუპირებული აქვს, ხოლო ყარაბაღის კონფლიქტში ის ირიბად მონაწილეობს, იქნება ეს დაპირისპირებული მხარეების იარაღით მომარაგება თუ სხვადასხვა ტიპის ძირგამომთხრელი და წამქეზებლური პოლიტიკური აქტივობები. ბატიაშვილის თქმით, მნიშვნელოვან განმასხვავებელი გარემოებაა ისიც, რომ სომხურ – აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთიც.
რუსი ჟურნალისტისა და ბლოგერის, მაქსიმ შევჩენკოს მოსაზრებით, სწორედ რუსეთ -თურქეთის ფარული და ღია დაპირისპირების კონტექსტში უნდა იქნას განხილული ომი, რომელიც 27 სექტემბერს სომხეთსა და აზებაიჯანს შორის დაიწყო. შევჩენკო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, რომელსაც ძალიან აშფოთებს თურქეთის სულ უფრო მზარდი ამბიციები რეგიონში და არც აზერბაიჯანის დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკა მოსწონს, სამხედრო მოქმედებებში უშალოდ ჩაერთოს. თუმცა, როგორც შევჩენკო აცხადებს, ამისათვის რუსეთს საბაბი სჭირდება და ეს საბაბი შესაძლოა, მას თურქეთმა მისცეს, თუ ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროების გვერდით თურქი ჯარისკაცებიც გამოჩნდებიან.
ამ ეტაპზე, მოვლენების ამგვარ განვითარებას ზურაბ ბატიაშვილი გამორიცხავს, თუმცა, როგორც ის აცხადებს, ფაქტია ისიც, რომ, სირიისა და ლიბიის შემდეგ, რუსეთმა ყარაბაღში თურქეთს მესამე ფრონტი გაუხსნა.
„კავკასიაში რუსეთ -თურქეთის სამხედრო დაპირისპირება ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. 21-ე საუკუნეში ასე ფრონტალურ შეტაკებებს თურქეთისა და რუსეთის მსგავსი სახელმწიფოები ერიდებიან. თუმცა, ხშირად მიმართავენ ე.წ. ფროქსივოლის, ანუ ადგილზე მოკავშირეების გამოყენებასა და მათი საშუალებით ბრძოლას. ამას ვხედავდით წლების განმავლობაში სირიაში, ლიბიაში და ახლა ეს ხდება ყარაბაღშიც“, – აცხადებს ბატიაშვილი „კვირასთან“ საუბარში.
ბატიაშვილის თქმით, მართალია, რუსეთი სომხეთის მოკავშირეა, მაგრამ მას სამხედრო დახმარების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყება. ბატიაშვილის განმარტებით, რუსეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება სომხეთის და არა ყარაბაღის დაცვას ავალდებულებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გუშინ თურქეთის F-16 ის ტიპის თვითმფრინავმა სომხეთის მოიერიშე SU -25 ჩამოაგდო. თუ სომხურ მხარეს დავუჯერებთ, აზერბაიჯამა დაბომბა სომხეთში ვარდენისის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზაც.
მოკლედ, თითქმის ყველა პირობაა იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასია თურქეთისა და რუსეთის ბრძოლის ველად იქცეს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მე-20 საუკუნის ჩათვლით რუსეთი და თურქეთი იარაღით ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ. ამ ბრძოლებში თურქეთმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, ხოლო ორჯერ ბრძოლის შედეგი გაურკვეველი დარჩა. ხშირ შემთხვევაში რუსეთ-თურქეთის ბრძოლის ველი სწორედ კავკასია იყო. ბრძოლებს ჰქონდა ადგილი ბალკანეთსა და შავი ზღვის აკვატორიაშიც, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულზე.