ნათია თურნავა: მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს
მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019″ შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.
„კორუფციის კონტროლის ინდიკატორში ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესო ოცეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, აქ ლიდერები ვართ.
მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019″ ანგარიშის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში. ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში განიცადა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.