ვიქტორ დოლიძე: საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა
“საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე, ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა”, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერმინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციას, იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
„შევეხეთ ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრს, მათ შორის, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ამისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ და გავაგრძელოთ ის ზედმიწევნით სწორი რეფორმები, რომელსაც ქვეყანა და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს.
ამავე დროს, ნატო-ს მომავალ ოპერაციებში ჩართვასა და ავღანეთში მონაწილეობაზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო თავდაცვის სისტემაში და არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში რეფორმებს, ასევე, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რომელიც ნატო-ში არის ძალიან გაძლიერებული. ჩვენ, უკრაინასა და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის წევრები არიან, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს განზომილება და საქართველო იქცეს ერთგვარ უსაფრთხოების ჰაბად და დამაკავშირებლად იმ ისტორიული ფუნქციისა, რომელიც ყოველთვის იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და გენერალურმა მდივანმა როგორც შეხვედრაზე, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა. მხოლოდ და მხოლოდ მოწოდებაა იმისკენ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის სვლა და ის გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, რეგიონის ქვეყნებისთვის”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.