მამუკა მდინარაძე: გვესმის, რთულია, მოითმინო „ნაცმოძრაობისა“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, თუმცა, მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს

“გვესმის, რომ ძალიან რთულია, მოითმინო „ნაცმოძრაობისა“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, თუმცა, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები სტაბილურ გარემოში უნდა ჩატარდეს.

“ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ – რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ.

გვესმის, რომ ძალიან რთულია, მოითმინო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციები და ძალადობის მცდელობები, თუმცა, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს.

ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პანდემია და არც ეპიდემიოლოგიური ვითარება არ აინტერესებს და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ აქვს ფასი, თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საარჩევნო პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები