გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღნიშნული უფლების რეალიზების საშუალება მხოლოდ სრულწლოვნებს აქვთ, შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარი არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა განაცხადეს.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარემ საზოგადოებაში დაუსაბუთებელი განცხადებებით უკვე შექმნა საზოგადოებრივი მცდარი აზრი, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება, რის გამოც ნაფიცი მსაჯულების არჩევა, ანუ საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელება შეიცავს მაღალ რისკს, რომ მოხდეს უდანაშაულო ადამიანების მსჯავრდება.
მცხეთის რაიონული სასამართლო საქმის არსებითად გადაცემაზე მსჯელობს.