რუსეთში მცხოვრები ათასობით სომეხი ყარაბაღში მოხალისედ ჩასვლას გეგმავს – “მათ სურთ, ყარაბაღში არცერთი სომეხი არ დარჩეს, ამისთვის კორონავირუსს იყენებენ”
რუსეთის სომეხთა კავშირის ხელმძღვანელი, არა აბრამიანი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები 20 ათასამდე სომეხი ე.წ. მთიან ყარაბაღში ჩასვლას გეგმავს, რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ აბრამიანმა ტელეგრამ-არხ, “პოდიომს” განუცხადა.
“ეს ფართომასშტაბიანი თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ დაგეგმილი აქციაა. მათ სურთ, რომ ყარაბაღში არცერთი სომეხი არ დარჩეს. ამისთვის კორონავირუსს იყენებენ. თვითმფრინავები არ არის, მათ შორის, ვერც ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ხერხდება. ერთ ღამეში 20 ათასამდე მოხალისემ მოგვმართა”, – თქვა აბრამიანმა.
მისი თქმით, კავშირი სამხედრო ტრანსპორტს მოითხოვს, რომ ხალხის სომხეთში ტრანსპორტირება მოხერხდეს
ამასთან, რუსეთში სომეხთა კავშირი ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვას ამზადებს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს კონფლიქტის შეჩერებას სთხოვს.