მამუკა არეშიძე – “კავკასიის რეგიონი მსოფლიო ზესახელმწიფოებისთვის საჯილდაო ქვა გახდება უახლოეს მომავალში”

27 სექტემბერს განახლებულ სომხურ აზარბაიჯანულ კონფლიქტზე ყარაბახში, მოსალოდნელ შედეგებზე, მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებსა და მათ ინტერესებზე კავკასიის რეგიონში, კონფლიქტის გავლენაზე ქართული ეკონომიკისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს შეტაკებები ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზრდება – “კვირა” ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

-რა იყო სომხურ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების მიზეზი 27 სექტემბერს და რამდენად მოულოდნელად შეიძლება, მივიჩნიოთ იგი?

– პოლიტოლოგებისა და სამხედრო ექსპერტებითვის სომხურ-აზერბაიჯანული, ერთი შეხედვით “მოულოდნელი” დაპირისპირება მოულოდნელი სრულიადაც არ ყოფილა. მხარეებს შორის ,,ძალების მოსინჯვა” ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ,,მინსკის ფორმატში” ჯერ კიდევ 1994 წლიდან ურთიერთობენ. მოლაპარაკებათა პროცესში, დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი. კონფლიქტში მონაწილე მხარეები იცავენ ,,მადრიდის პრინციპებს”, რომელზეც მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს და მხარეებს ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას ავალდებულებს.

-თუმცა, 1998 წლის შემდეგ ,,მადრიდის პრინციპებს” ორივე მხარე, მეტნაკლებად, არღვევდა…

-მართალია, მაგრამ მაინც იცავდნენ ,,ცუდი სიმშვიდის” პოლიტიკას და მასობრივ სისხლისღვრაში ლოკალური კონფლიქტები აღარ გადაზრდილა. ამ წლებში აზერბაიჯანული მხარე ეკონომიკურად ძლიერდებოდა. უკანასკნელ თვეებში საკმაოდ დიდი რაოდენობის იარაღი შეისყიდეს რუსეთიდან, პარალელურად, უპილოტო საფრენი აპარატები იყიდეს ისრაელისგან. ამასთან ერთად, ქვეყანაში სამხედრო რიტორიკა სულ უფრო ძლიერდებოდა. ალიევის ხელისუფლებას აზერბაიჯანელი სამხედროები და პოლიტიკოსები ხშირად ეკითხებოდნენ, თუ ასე გაძლიერდნენ ეკონომიკურად, რატომ ვერ იბრუნებდნენ მთიან ყარაბახს? ამ სამხედრო რიტორიკის ფონზე ოფიციალური ხელისუფლების პასუხი მუდამ იყო მინსკის ფორმატის პრინციპების ერთგულება ცეცხლი შეწყვეტისა და სამხედრო მოქმედებები განუახლებლობის თაობაზე.

-როგორი იყო სომხური პოლიტიკა აზერბაიჯანული სახელმწიფოს აქტიური შეიარაღების საპირწონედ?

-უკანაკნელი წლების განმავლობაში, 2016 წლიდან სომხეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა ,,ყარაბახული კლანი”, წარმოშობით ყარაბახელი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებისგან დაკონსერვებული კონფლიქტის განკონსერვებას მოითხოვდნენ. ამასობაში, გასათვალიწინებელია მოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეების შეხედულებებიც, რომლებიც სწორედ დაკონსერვებული კონფლიქტები მეშვეობით ცდილობენ თავიანთი ინტერესების გატარებას რეგიონში. ბევრი მსოფლიო კონფლიქტი სწორედ ამ გზით იმართება. ასე მოხდა, მაგალითად, 2008 წელს საქართველოში, როდესაც რუსეთმა შური იძია ევროპაზე კოსოვოს კონფლიქტის გამო და გააკონსერვა ქართულ-ოსური კონფლიქტი, მსოფლიოს უჩვენა, რომ კავკასიის რეგიონში მთავარ მოთამაშედ სწორედ რუსეთი რჩება. ასე რომ, კავკასიის რეგიონი მსოფლიო ზესახელმწიფოებისთვის მთავარ საჯილდაო ქვად იქცევა ახლო მომავალში.

-გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს თურქულ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ლიდერები მოუწოდებენ ყველას, არ ჩაერიონ მხარეთა კონფლიქტში, რათა მან შეუქცევდი ხასიათი არ მიიღოს.

-2016 წლისთის ერდოღანის ხელისუფლებამ ქვეყანა მნივნელოვნად გააძლიერა ეკონომიკურად და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასაც შინაარსი შეუცვალა. თუ იქამდე თურქეთი ევროპაზე მჭიდროდ მიბმული, საერო სახელმწიფო იყო, დღეს – ერდოღანის მმართველობის პირობებში, ის რელიგიურ-ნაციონალურ სახელმწიფოდ იქცა და მკვეთრი დისცტანცირება მოახდინა ევროპისგან. აზერბაიჯანთან მიმართებით, თურქული პოლიტიკა შეიცვალა და დღეს თურქეთი აცხადებს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთი ერის სახელმწიფოა ორ ტერიტორიულ ერთეულში. გარდა ამისა, დღევანდელმა თურქულმა ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიის ახალი იდეოლოგია აამუავა რეგიონში მისი პოლიტიკური გავლენების აღდგენისა მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ბალკანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეც.

-თქვენი აზრით, იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანს ღიად უჭერს მხარს ძლიერი, მონათესავე სახელმწიფო, პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა და გარდაუვალი გახდა კონფლიქტის ,,განკონსერვება”?

-ჯერ კიდევ 2016 წელს, მცირემასშტაბიანი სამხედრო შეტაკებების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბახში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა. ეს იყო პირველი სერიოზული სამხედრო დაპირიპირება 1998 წლის შემდეგ. მადა ჭამაში მოდისო და 4 წლის შემდეგ თოუზის რაიონში, 2020 წლის ივლისში უშუალოდ კონფლიქტური ტერიტორიიდან 300 კილომეტრის მოშორებით აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგეს კვლავ გაუხნა ცეცხლი. საომარი მოქმედებებიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ერთ-ერთი სტრატეგიული ენერგოობიექტი კავკასიის რეგიონში.

-აღნინული სამხედრო შეტაკება იმხანად შეფასდა, როგორც სომხეთის სახელმწიფოს ,,პროვოკაცია” აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

-შეიძლება, ასეც ითქვას, რადგან სომხები ცდილობდნენ, შეემოწმებინათ რუსული სახელმწიფოს მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუ მომავალში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი სერიოზულ სახეს მიიღებდა. რუსეთმა მაშინ შუამავლის როლი აირჩია, საკუთარი პოზიციები გაიძლიერა და რუსული სამშვიდობოების როდენობა გაზარდა კავკასიაში, თუმცა, სომხეთმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთი და ცდილობდა, არჩევანის საშუალება აღარ დაეტოვებინა მისთვის. ამ კონფლიქტიდან ზუსტად ერთ თვეში ყარაბახში კვლავ ცეცხლი გაიხსნა.

-მთავარი პოლიტიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში დღემდე კვლავ რუსეთსა და თურქეთს აქვთ?

-დღევანდელი კონფლიქტის გაღვივებაში არ გამორიცხოთ სხვა სერიოზული მოთამაშეებიც, რომლებიც შესაძლოა, ავანსცენაზე აშკარად არ ჩანან. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და მას საგარეო პოლიტიკისთვის ისე აქტიურად არ სცალია. ასე იყო 2008 წლის კონფლიქტის გაჩაღებისას საქართველოშიც. ამერიკა მაშინაც საარჩევნო პროცესით იყო დაკავებული. ვინც კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღებას ცდილობს, კარგად ითვალიწინებს ამერიკულ ფაქტორსა და იქ მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. თუ კონფლიქტი ყარაბახში დიდხანს გაგრძელდება, ეს იქნება ტესტი დიდი პოლიტიკური მოთამაშეებითვის კავკასიაში.

-რა საფრთხის შემცველი შეიძლება, აღმოჩნდეს საქართველოსთვის უახლოეს მეზობლებს შორის საომარი დაპირისპირება?

-მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საომარი მოქმედებები ჩვენს საზღვართან ახლოს არ მიმდინარეობს, კონფლიქტი ყარაბახში შესაძლოა, დიდი საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს ქართული ეკონომიკისთვის, მაგალითად, დაიხუროს საინვესტიციო სივრცე, რაც საგრძნობლად იმოქმედებს ლარის კურსზეც და შესაძლოა, ჩამოშალოს ქართული ეკონომიკაც. მოგეხსენებათ, საქართველო ენერგოკორიდორია, რომელიც ენერგეტიკულად აკავშირებს ბევრ ქვეყანას, აქ გადის სომხეთისთვის მისაწოდებელი გაზიც. კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ ლტოლვილთა დიდი ნაკადი, რომელსაც თავშესაფრის მიცემაზე უარს ვერ ვეტყვით და ასე შემდეგ. ასე რომ, შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს საზღვრებთან ძალიან ახლოს ქართულ სახელმწიფოებრიობასაც შეუქმნის საფრთხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები