დავით ბაქრაძე: მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დასაჯოს ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე

‘ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კამპანიაც  უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მას ვერ უშველის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წევრები, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.

„საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარისა, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. უკვე ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს იმავე მეთოდებს, ეს არის „ქართული ოცნების“ წევრების, მათი აქტივისტების, სხვადასხვა გამგეობაში სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ორგანიზებული ფიზიკური ძალადობა ოპონენტების წინააღმდეგ.

წინა წლებში არცერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არცერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ვითომ საარჩევნო კოდექსში გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის.

ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კამპანიაც  უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მას ვერ უშველის, ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც ქვების სროლით იზამენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში.

ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კამპანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები. ამიტომ, 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არიან, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები