დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში, მღვდელმთავრებს აქვთ თავისუფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვან
“ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში. ეს არის თითოეული მღვდელმთავრის არჩევანი, დაესწრებიან თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებას”, – ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების კითხვას – “რამდენად მართებულია საარჩევნო შეხვედრებზე მეუფეთა დასწრება”.
მისი თქმით, ეკლესია ოფიციალურად რომელიმე მხარეს არ ირჩევს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს თავისი შეხედულებები აქვთ.
„ეს არის თითოეული მღვდელმთავრის არჩევანი, დაესწრებიან თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებას. ზოგადად, ამ შეკითხვაში ჩანს უფრო ღრმა შეკითხვა – ეკლესია თუ აკეთებს რაიმე არჩევანს და ხმამაღლა თუ ქადაგებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ? – გეტყვით, რომ ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში, ეკლესია არის გამაერთიანებელი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობა იყოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხისთვის სასიკეთოდ წარიმართოს სახელმწიფოს მოღვაწეობა, ამიტომ ოფიციალურად ეკლესია, რომელიმე მხარეს რა თქმა უნდა, არ ირჩევს და იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს აქვთ თავის შეხედულებები, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ცალმხრივია ეკლესია ამ მიდგომებში. ჩვენი სულიერი შვილები არიან ყველგან, ყველა პარტიაში, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში, ამიტომ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ შევაქცევთ ზურგს. ყოფილა ერთმანეთის საპირისპირო, აქ რომ რაღაც ერთი მიმართულება ყოფილიყო აზრისა და ერთი დირექტივა, მაშინ საპირისპირო შეხედულებების ქადაგება არ იქნებოდა. აქვთ ამის თავისუფლება მღვდელმთავრებს, რომ თავისი აზრი გამოთქვან, მათ შინაგანი მოტივი ქვეყნის კეთილდღეობაა და ზოგი ასე ხედავს ლოგიკურ ჯაჭვს, როგორ უნდა იყოს მრევლი და ზოგადად საზოგადოება ამ ქვეყანაში ბედნიერი, სხვას სხვანაირი შეხედულება აქვს ამის შესახებ. მთავარი არის, რომ ზღვარს იქით არ გადავიდეს ეს და არ იყოს რადიკალური მოწოდებები, აზრის გამოთქმა და დასწრებას, ალბათ, ვერავინ აუკრძალავს”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.