“ქართული ოცნება”: დარწმუნებული ვართ, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს

„ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური შეფასებებიც ადასტურებს.

“ბუნებრივია, დემოკრატიას მუდმივად სჭირდება განმტკიცება და სრულყოფა, რისთვისაც „ქართული ოცნების” მხრიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და მათი ჩართულობით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც საარჩევნო პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და დემოკრატიულს გახდის.
გლობალური პანდემიისა და ეპიდემოლოგიური ვითარების მიუხედავად, „ქართული ოცნების” მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელოს.
კიდევ ერთხელ მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები