მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძის შემდეგ მასაც დააკავებენ
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი – მიხეილ რამიშვილი დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ მის დაკავებასაც არ გამორიცხავს.
“სადაც ბატონი დავით ფურცხვანიძე დააკავეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის ე.წ. გაყალბებული ფოტომასალა, მე გავასაჯაროე, მე მოვიტანე და მე გადავეცი ინფორმაცია გამოძიებას – ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქედან ჩამოჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული. მაინც გადმოიგზავნება ისინი, მაინც მოვა ჩემამდე და ახლა ჩემამდე რომ არ მოვიდეს, მე უნდა დამაკავონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დაკავებულია. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა, დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.