„ჩემმა მეუღლემ  ოქროს სამკაულებიც კი გაყიდა, რომ ჩხარის გათხრები  ბოლომდე მიმეყვანა“…  

ბნელ 90-იან წლებში ჩემმა მეუღლემ საკუთარი ოქროს სამკაულებიც კი გაყიდა, რომ ჩხარის გათხრები ბოლომდე მიმეყვანა და მაშინ აღმოჩენილი ოქროს საყურეები  დღეს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია გამოფენილი“…

არქეოლოგი, რომელიც აფხაზ და ოს კოლეგებთან თანამშრომლობაზე დიდ იმედებს ამყარებს…

კახეთში, გურჯაანის რაიონში დაიბადა. ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებს. ხოლო როდესაც პაპამ, დედის მხრიდან, „ქართლის ცხოვრება“ აჩუქა, ამან საბოლოოდ გადაწყვიტა  მომავალი პროფესიის ბედი, ისტორიკოსი გამოსულიყო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკლუტეტი დაამთავრა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაიწყო მუშაობა.
საირხის ნაქალაქარიდან დაწყებული მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეც და ხელმძღვანელიც იყო – ითხვისი, ღვანკითი, სვერისციხე, საირხე, რგანი, ძევრი, დილიკაური, ჩხარი, სკანდეს ციხე…
თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში   წაიკითხა მოხსენება – „კოლხეთის სამეფო და ირანი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში“…
ამაყობს ტაბახმელის უნიკალური გათხრებით, რომლის დროსაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბრძოლო სანგრის შესწავლისას, მრავალი საინტერესო არტეფაქტი გამოავლინა…
არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აქვს დიდი მიზანი, რომ  ბოლომდე მიიყვანო ითხვისში დაწყებული არქეოლოგიური გათხრები. – ისტორიკოსის, არქეოლოგის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის – ზურაბ ბრაგვაძის პერსონა.

– კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში დავიბადე და გავიზარდე.. სკოლაც იქვე დავამთავრე. მამა, დავით ბრაგვაძე ეკონომისტი იყო, მუკუზნის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. დედა, დავარი გოგსაძე, პედაგოგი იყო. ახლა მოხუცდა, მაგრამ კარგადაა.
მყავდა ძალიან მზრუნველი ბებია და ორი არაჩვეულებრივი პაპა. პაპაჩემი, მიხეილ ბრაგვაძე ორივე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. შუალედში ბოლშევიკებს ებრძოდა. მეორე პაპას, იაკობ გოგსაძეს, საქართველოს დამსახურებულ  მასწავლებელს, თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე და სხვა დიდი მეცნიერები უკითხავდნენ ლექციებს. ნიკო მარის ასპირანტი იყო, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრება აერია და დისერტაცია ვეღარ დაიცვა. საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი და ბევრს ვსწავლობდი მათგან..
მომავალ პროფესიად ისტორია აირჩიეთ. სკოლიდან გიყვარდათ?
– როგორც გითხარით, ვაზისუბნის სკოლა დავამთავრე, სამი საგანი მიყვარდა განსაკუთრებით – ისტორია, გეოგრაფია და ქართული ლიტერატურა. ვერ ვიტანდი ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებს. თავიდანვე ჩამოყალიბებული ჰუმანიტარი ვიყავი და ასეთადვე დავრჩი.
ვცდილობდი, გაკვეთილები მალე მესწავლა, რომ კითხვისთვის ბევრი დრო დამრჩენოდა. ბევრს ვკითხულობდი, განსაკუთრებით ისტორიული ხასიათის ნაწარმოებების კითხვა მიყვარდა და ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი არჩევანი. მერე დედაჩემის მამამ „ქართლის ცხოვრება“ მაჩუქა და ამან საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი მომავალი პროფესიის ბედი, თუმცა ჩემს მშობლებს სურდათ, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემგან, აბა, რა ექიმი დადგებოდა, დღემდე გაჭრილი თითის დანახვაზე გული მიმდის…
–  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკლუტეტი, სტუდენტობა
– გაქანებულ „ზასტოიში“ მომიწია სტუდენტობა (1980-85 წლებში). ბევრი საინტერესო და ცნობილი მეცნიერი მიკითხავდა ლექციებს. თითქმის არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის. ბედნიერი ვარ, რომ მომისმენია გიორგი მელიქიშვილის, მარიამ ლორთქიფანიძის, გურამ ლორთქიფანიძის, ოთარ ჯაფარიძის, გივი ჟორდანიას, კოტე ანთაძის, ვარლამ დონაძის, უშანგი სიდამონიძის, ნოდარ ასათიანის, ლევან ჭილაშვილის, გურამ გრიგოლიას და სხვა ცნობილ ისტორიკოსთა ლექციები. დღემდე არ მავიწყდება არცერთი მათგანი.
სტუდენტობა, ცხადია, საინტერესო იყო. უნივერსიტეტი მაშინ დისიდენტურად განწყობილი სტუდენტებით იყო სავსე და ყოველ მოახლოებულ ეროვნულ თუ რელიგიურ დღესასწაულებზე პარტიული ხელმძღვანელობა ცდილობდა, როგორმე ქალაქიდან შორს წავეყვანეთ.  მახსოვს, ყოველ 14 აპრილს, სტუდენტები ბეთანიის ტყეში მივყავდით ხეების დასარგავად.
ამ გადასახედიდან იდიოტობად მეჩვენება ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. საერთოდ, სტუდენტობას ვერაფერი შეედრება- სხვანაირი ლაღი ხარ ამ დროს ადამიანი.
ღამეები გვითენებია ღვინის თუ არყის სმაში, ლექსების კითხვასა თუ, ერთი შეხედვით, უაზრო კამათში. ქვეყნის მომავალზეც ბევრს ვმსჯელობდით. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ იმპერიაში ვცხოვრობდით, გულის სირღმეში გვჯეროდა, რომ მოვესწრებოდით თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას..
–  პირველი ნაბიჯები არქეოლოგიაში…
– როდესაც 1981 წელს პირველი კურსი დავხურე, ჟინვალის ექსპედიციაში წაგვიყვანეს. მაშინ ჟინვალის წყალსაცავი შენდებოდა და შუა საუკუნეების ნაქალაქარი წყლით უნდა დაფარულიყო. ეს იყო ჩემი არქეოლოგიური ნათლობა. ამის შემდეგ ყოველ ზაფხულს დავდიოდი სხვადასხვა ექსპედიციაში (ფიჭვნარი, მარტყოფი), თუმცა ყველაზე დიდ დროს ჟინვალის ექსპედიციაში ვატარებდი.
ამ წლებმა ბევრი რამ მომცა და საველე მუშაობა სწორედ ჟინვალში ვისწავლე. მთელი ექსპედიცია საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო ჩემ  მიმართ და მინდა ახლა მათ მადლობა ვუთხრა.
ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ (ასაკის სხვაობის მიუხედავად). განსაკუთრებით მსურს გავიხსენო ცნობილი არქეოლოგი და კეთილი ადამიანი, ბატონი რამინ რამიშვილი. არასდროს დამავიწყდება, როდესაც მესამე კურსის სტუდენტს მითხრა, ხვალიდან უბანი უნდა ჩაგაბარო ჟინვალის ნაქალაქარზეო. ისე დავიძაბე, მთელი ღამე ვერ დავიძინე. განცდებში ვიყავი, როგორ შევძლებდი დამოუკიდებლად ძეგლის გათხრას. მეორე დღეს ხელი მომკიდა, უბანზე მიმიყვანა, ოცი მუშა ჩამაბარა და მითხრა, აი, ესაა შენი უბანი და, აბა, შენ იციო. ვერ შევძლებ, ბატონო რამინ-მეთქი, – ვუთხარი. შენ თუ არქეოლოგობა გინდა, სხვანაირად არქეოლოგიას ვერ ისწავლიო და წავიდა… ეს დღე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი, როგორც არქეოლოგად ჩამოყალიბებაში და მთელი ცხოვრება ამ დიდებული ადამიანის მადლიერი ვარ.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დავიწყე მუშაობა.  თავიდანვე ისეთ გახმაურებულ აღმოჩენებზე მოვხვდი, როგორიც საირხის ნაქალაქარი იყო. საირხის გათხრებმა ძალიან ბევრი მომცა, როგორც არქეოლოგს და როგორც მკვლევარს.
ექსპედიციის ხელმძღვანელი, ცნობილი არქეოლოგი ბატონი ჯურხა ნადირაძე, თავიდანვე დიდ ნდობას მიცხადებდა და საკმაოდ რთულ უბნებზე მამუშავებდა. საირხის აღმოჩენები მთელი ეპოქა იყო ქართულ არქეოლოგიაში და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ეპოქალურ ძეგლზე მომიწია მუშაობა.
1988 წლიდან ბატონი ჯურხას ხელშეწყობით უკვე დამოუკიდებელი გათხრებიც დავიწყე. მაშინ საირხის ექსპედიციაში რამდენიმე ახალგაზრდა სპეციალისტი ვიყავით და ჯურხა ნადირაძემ მე, გია მახარაძეს და გოჩა ლომთაძეს რგანის სამაროვნის გათხრები გვანდო. გვანდო და ნდობაც გავამართლეთ.
მეოთხე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ. იქ მოპოვებულ არტეფაქტებს დღეს საპატიო ადგილი უკავია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ექსპოზიციაში.
რედაქტორობდით და გამოსცემდით „არქეოლოგიურ ჟურნალს“…
– ბატონი ჯურხას გარდაცვალების შემდეგ, ხელოვნების მუზეუმის იმჟამინდელმა დირექტორმა, დიდმა მეცნიერმა, ბატონმა ნოდარ ლომოურმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი არქეოლოგიის განყოფილების გამგედ დამნიშნა, უკვე იმ დროიდან ახალი გათხრები დავიწყე თერჯოლის რაიონში და საკმაოდ საინტერესო, მანამდე უცნობი ძეგლები აღმოვაჩინე. პროფესორ ნოდარ ლომოურის გვერდით მუშაობა დიდი ბედნიერება იყო. გარდა იმისა, რომ იგი ყველაფერში ხელს მიწყობდა, სწორედ მასთან ურთიერთობის შედეგად ჩამოვყალიბდი, როგორც მკვლევარი-არქეოლოგი.
სწორედ მისი თანადგომით შევძელი, დამეწყო „არქეოლოგიური ჟურნალის“ გამოცემა, რისი წყალობითაც სამეცნიერო საზოგადოებისთვის  ხელმისაწვდომი გახდა  მანამდე უცნობი არქეოლოგიური ძეგლები და არტეფაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ჟურნალის გამოცემა შეწყდა, მან მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი და უცხოელი არქეოლოგებისთვის და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებს დღემდე იყენებენ მეცნიერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
– საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ხართ, რას მიიჩნევთ თქვენი საქმიანობიდან უმთავრეს თემას, რომელიც არსებითი იყო კვლევის თვალსაზრისით?
– კოლხეთისა და იბერიის არქეოლოგიის პრობლემები წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს ჩემი კვლევის ძირითად ორიენტირებს. ესენია ზოგადად კოლხეთის სამეფოს გენეზისის პრობლემა, ურთიერთობები აქემენიდურ ირანთან, რომის იმპერიასთან, მმართველობის სისტემა კოლხეთსა და იბერიაში.
ცხადია, ამ საკითხების შეწავლა ვერ მოხდება მხოლოდ არქეოლოგიური არტეფაქტების ანალიზის საფუძველზე, საჭიროა წერილობითი წყაროების საფუძვლიანი კვლევა და სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ზედმიწევნითი ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა  ცალმხრივი  და რეალურად არაფრის მომცემი იქნება. მხოლოდ არქეოლოგიური სიტუაციისა თუ ნივთების ფორმალური აღწერა და პუბლიკაცია არ არის საკმარისი ამა თუ იმ  ისტორიული ეპოქის რეკონსტრუქციისათვის.
არქეოლოგის მიზანი კი სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღადგინოს წარსული და დაინახოს ორგანული კავშირი წარსულსა და დღევანდელობას შორის. ესაა სწორედ არქეოლოგიის უმთავრესი დანიშნულება და ეს მიზანი ვერ მიიღწევა, თუ საფუძვლიანად არ გვეცოდინება შესაბამისი ეპოქის კულტურა, პოლიტიკური ვითარება და სოციალური ურთიერთობები. ამ ყველაფრისთვის კი წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების სინთეზი აუცილებელი პირობაა..
– მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცის მონაწილეც და ხელმძღვანელიც იყავით – ითხვისი, ღვანკითი, სვერისციხე, საირხე, რგანი, ძევრი, დილიკაური, ჩხარი, სკანდეს ციხე…
– ყველა თქვენ მიერ ჩამოთვლილი ექსპედიცია მნიშვნელოვანი და თავისებურად საინტერესო იყო. საირხეზე უკვე მოგახსენეთ. ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის აღმოჩენების პერიოდი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვანის ნაქალაქარის შემდეგ არც ერთ სხვა ძეგლს არ მოუცია ასეთი მნიშვნელობის მასალა ძველი კოლხეთის ისტორიის შესწავლისათვის. ძალიან დიდიმნიშვნელობა აქვს რგანის სამაროვნის მონაცემებს ანტიკური ხანის მიწურულის საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება ითხვისის გათხრებს. ეს სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ არქეოლოგიაში, რადგან დასავლეთ საქართველოში განვითარებული შუა საუკუნეების (XII-XIII საუკუნეების)  ასეთი ვრცელი დასახლება (გნებავთ, ნაქალაქარი დავარქვათ, გნებავთ-ნასოფლარი) აღმოჩენილი არ არის. ითხვისმა ასევე ახალი სიტყვა თქვა გვიანელინისტური  (ძვ.წ. I-ახ.წ. I საუკუნეების) დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიაშიც, რადგან ამ ეპოქის ქვის ნაგებობები პირველად სწორედ აქ გამოვლინდა. ამ ძეგლის სრულფასოვანი შესწავლა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ბევრ აქამდე უცნობ ფურცელს გამოამზეურებს და ახალ-ახალი ექსპონატებით გაამდიდრებს ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზემს, რადგან აქ მოპოვებული არტეფაქტები სწორედ ამ მუზეუმში იდებენ ბინას.
– ამაყობთ ტაბახმელის უნიკალური გათხრებით, რომლის დროსაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბრძოლო სანგრის შესწავლისას, მრავალი საინტერესო არტეფაქტი გამოავლინეთ…
– ჩემი განვლილი ექსპედიციებიდან ცალკე მინდა გამოვყო 2017 წლის სრულიად უნიკალური გათხრები ტაბახმელაში. მაშინ შევისწავლეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბრძოლო სანგარი, სადაც 1921 წლის თებერვალში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა რუსი საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ. გამოვავლინეთ ამ ბრძოლების ამსახველი არაერთი არტეფაქტი და უნდა გითხრათ, რომ არქეოლოგიური გათხრების დროს ასეთი ამაღლებული სიამაყის გრძნობა და დიდი წუხილი ერთდროულად არასდროს მქონია.
როდესაც ხელით ეხები  ვაზნებს, ჰილზებს,  ქართველ ჯარისკაცთა უნიფორმის ნაფლეთებს,  თვალწინ ცოცხლდება უთანასწორო, მაგრამ თავდადებული ბრძოლები სამშობლოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელი არც ისე შორეული წარსულია, ამ გათხრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ამაყი ვარ, რომ ქართველი არქეოლოგებიდან პირველს მე მერგო პატივი, არათუ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის ბრძოლების ამასხველი არტეფაქტები გამომევლინა, არამედ არქეოლოგიურად პირველს შემესწავლა ზოგადად საბრძოლო ადგილი…

ასეთი ადგილი უამრავია საქართველოში, საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები არაერთ მტერს შებრძოლებიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენში ასეთი ადგილები დღემდე ყურადღების მიღმაა დატოვებული და ტაბახმელის მეოთხე სანგარი პირველი საბრძოლო ადგილია, რომლის სრულფასოვანი კვლევა განხორციელდა. რა თქმა უნდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებ ამ ფაქტით…

არმაზისხევის პიტიახშთა სახლის გენეალოგიაზე საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნეთ… რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება და სამომავლოდ ხომ არ აპირებთ კვლევის გაგრძელებას?
– თავის დროზე არმაზისხევის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა საქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ აღმოჩენების წყალობით გახდა ცნობილი პიტიახშთა სოცილაური ინსტიტუტის ანტიკური ხანის იბერიის სამეფოში არსებობა. ბუნებრივია, მას შემდეგ ამ საკითხზე ბევრი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ აკადემიკოსების-  გიორგი წერეთლის, ანდრია აფაქიძის, გიორგი მელიქიშვილის, შალვა ამირანაშვილის კვლევები ამ  მიმართულებით. თუმცა თითქმის ხუთი ათეული წელია არმაზისხევის პიტიახშთა სახლის გენეზისის პრობლემას ჩვენში არავინ შეხებია. ეს დრო კი საკმარისი მონაკვეთია ერთი შეხედვით კარგად შესწავლილი საკითხების კარგად გასააზრებლად.
ჩემი ამ თემით დაინტერესებაც სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან,  რომ რაიმე ძირფესვიანად შევცვალე, ან რამე ახალი გარღვევა მოვახდინე, მაგრამ მჯერა, რომ რაღაც გარკვეული სიცხადის შეტანა შევძელი ზოგიერთი დაუზუსტებელი ნიუანსის უკეთ გააზრებასა და გაგებაში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კვლევები მომავალშივ გაგრძელდება, რადგან ახალ აღთქმისეულ ფრაზას მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ „სამკალი ფრიად არს“.
– კოლხეთის სამეფო და ირანი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში,-  ძალიან საინტერესო მოხსენება წაიკითხეთ თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რატომაა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები კოლხეთისა და ირანის მაშინდელი ურთიერთობის თვალსაზრისით? ანუ ახალს რას გვეუბნება?
– დიახ, 2011 წელს თეირანის უნივერსიტეტში მომიწია ირანულ-ქართული ურთიერთობების ფესვების შესახებ მოხსენების წაკითხვა. მანამდეც და მას შემდეგაც ეს თემა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი და ახლობელია. ამ საკითხების კვლევა გადამაწყვეტინა საირხის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილმა აქემენიდური წარმომავლობის არტეფაქტებმა.
აქვე ვიტყვი, რომ  დიდი და სერიოზული პრობლემაა კოლხეთის სამეფოს წარმოქმნა. დასამალი არ არის, რომ არსებობენ ისტორიკოსები და არქეოლოგები, როგორც ჩვენში, ასევე- საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებსაც კოლხეთის სახელმწიფოს არსებობა  დღემდე არ სჯერათ. ისინი ანგარიშს არ უწევენ ვანის, საირხის, ფიჭვნარის, დაბლაგომის, ითხვისის, საჩხერის, მთისძირის, სიმაგრის, აჩანდარას და სხვ. არქეოლოგიურ ძეგლთა მონაცემებს და ჯიუტად იმეორებენ, რომ კოლხეთი მხოლოდ მითი და ლეგენდაა და ის ბუნებაში არ არსებობდა.
მაშ, საიდან და რა გზებით გაჩნდა ამდენი ბერძნული და ირანული იმპორტი იქ, რაც არ არსებობს? აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ (კოლხურ) ნაწარმზე-კერამიკაზე, ოქრომჭედლობაზე, სამეურნეო თუ საბრძოლო იარაღზე, არქეტექტურაზე, სამკაულზე, მეტალურგიაზე და სხვა მრავალ ნიაუნსზე.
კოლხეთის სამეფოს რეალურად არსებობის ერთ-ერთი მყარი არგუმენტი აქემენიდურ ირანთან მისი ურთიერთობებია. ძვ.წ. V-IV საუკუნეების ისტორიული ფატქების, არქეოლოგიური მასალისა და წერილობითი წყაროების შეჯერებულმა კვლევამ მიმიყვანა ვარაუდამდე, რომ კოლხეთში სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმ პერიოდის გეოპოლიტიკურ მოვლენებში უნდა ვეძებოთ.
ირანს, რომელიც ხშირად განიცდიდა მომთაბარე ტომების თავდასხმებს, ესაჭიროებოდა კავკასიონის უღელტეხილების მყარად ჩაკეტვა, რადგან დასავლეთ საქართველოს მხრიდან არ მომხდარიყო ნომადების შეჭრა მის ტერიტორიაზე. ამ კონკრეტული მიზნისთვის კი მას დასავლეთ საქართველოში სჭირდებოდა ძლიერი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, სწორედ ამან განაპირობა, ჩემი აზრით, კოლხეთის სამეფოს წარმოქმნაც, და სწორედ ამ ფაქტით აიხსნება აქემენიდური არტეფაქტების სიმრავლე ვანისა და საირხის მდიდრულ სამარხებში.
ეს არის, ასე ვთქვათ,  დიპლომატიური ძღვენი, რომელსაც ირანის შაჰები და სატრაპები უგზავნიდნენ კოლხეთის ცალკეული პროვინციების (სკეპტუხიების) მმართველებს, რადგან ვანშიც და საირხეშიც სწორედ კოლხეთის სამეფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, სკეპტუხიების, მმართველეები არიან დაკრძალულნი.
– ეთნოგრაფიული საარქივო მასალების შეკრებასა და ციფრულ დამუშავებაზე ბოლო 6 წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდით, რომ ეს მასალები ოსური და აფხაზური მხარეებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როგორი იყო ეს თანამშრომლობა ოს და აფხაზ მეცნიერებთან?
ვფიქრობ, ეს იყო ჩემი, როგორც საქართველოს  მოქალაქის, ვალი საკუთარი ქვეყნის წინაშე, რათა მცირე  წვლილი შემეტანა გარედან თავსმოხვეული, უაზრო  ომებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. გეტყვით, რომ ამ ნაბიჯებს აფხაზი და ოსი მეცნიერების, და, ზოგადად, საზოგადოების გარკვეული ფენების მხრიდან, ჩემთვის სასიამოვნო დადებითი რეაქცია მოჰყვა.
აფხაზ და ოს კოლეგებთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება და ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს, რადგან ჩვენ უკვე არა მარტო კოლეგები, არამედ-მეგობრები ვართ. მეგობრობა კი, მოგეხსენებათ, ჩაკეტილ საზღვრებს არ ცნობს.. 
  
– 2015 წელს ქართულმა მხარემ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ელექტრონული არქივი გადასცა აფხაზ სპეციალისტებს. აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობით კულტურული ძეგლების მდგომარეობის განხილვის მცდელობა იყო ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე. თქვენ, პირადად, აფხაზ კოლეგებთან აწარმოებდით დიალოგს, თუმცა მათი მხრიდან ეტყობა. მაინცდამაინც დაინტერესება არ მოჰყოლია…
– ვერ ვიტყოდი, რომ აფხაზი კოლეგების მხრიდან დაინტერესება არ არის. პირიქითაც შეიძლება ითქვას. ინტერესი იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს. მათ ყველაფერი აინტერესებთ, რაც ენგურს გამოღმა ხდება და ეს არ არის მხოლოდ მეცნიერება ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
დიალოგს შედეგი ყოველთვის მოაქვს. თუმცა  ეს შედეგი ვერ იქნება მყისიერი და უცაბედი.
მე ახლაც მუდმივი კონტაქტი მაქვს მათთან. მართალია, პანდემიამ ბევრ რამეში ხელი შეგვიშალა, მაგრამ ორივე მხარეს  უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს.
– თქვენ ვიდეო გამოაქვეყნეთ აფხაზეთზე. რამდენად შეიცვლება უკეთესობისკენ სურათი ახალი ხელისუფლების პირობებში?
– სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დიდ გარღვევებს არ ველი. თუმცა, გარკვეული პოზიტივი ბჟანიას თუ შამბას განცხადებებში, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ახლა მთავარია, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ქართული მხარე.
სავსებით ვეთანხმები სერგეი შამბას განცხადებას, რომ მუდმივ მტრობაში ცხოვრება არ შეიძლება. თუ აფხაზეთის ახალი ხელისუფლება მოახერხებს, რომ წერტილი დაუსვას ქართველების მტრის ხატად წარმოჩენას და გამოასწორებს მდგომარეობას გალის რაიონში, ეს მათი მხრიდან  დიდი საქმე იქნება. იმედია, ოფიციალური თბილისიც მალე მოიცლის შემხვედრი ნაბიჯებისთვის, რადგან კარს მომდგარი არჩევნების გამო ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი დღეს სხვა პრობლემებითაა დაკავებული.
– კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ხართ. რამდენად აინტერესებთ არქეოლოგია ახალგაზრდებს?
– კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი სასწავლებელია და აქ საკმაოდ კარგი ახალგაზრდები სწავლობენ. მათმა დიდმა ნაწილმა პირველ კურსზევე იცის, რა უნდა და რისი მიღწევა უნდა. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია.
ჩვენს უნივერსიტეტში არქეოლოგიის პროგრამა არ არის. აქ არქეოლოგია, როგორც მხოლოდ საგანი, ისწავლება და სტუდენტების ინტერესი მის მიმართ ყოველთვის დიდი და გამორჩეულია.
ყოველწლიურად რამდენიმე სტუდენტი მიმყავს ესპედიციაში და ჩანს, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც არქეოლოგს სჭირდება. ზოგადად, არქეოლოგიაში კარგი თაობა მოდის. მათ უმეტესობას კარგად ვიცნობ, ვიცი მათი შესაძლებლობები და თამამად  შემიძლია გითხრათ, რომ ქართული არქეოლოგიის მომავალი საიმედო სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება. რაც მთავარია, მათ ბევრი უნდა იშრომონ, იკითხონ, იკვლიონ, წერონ და ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდ სიმაღლეებს დაიპყრობენ. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სხვანაირად დარგი ვერ განვითარდება. ყოველი შემდეგი თაობა უკეთესია წინა თაობაზე. ასეთია ბუნების დიალექტიკა.
– ჰობი…
– ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია, ფეხბურთი, კალთბურთი, რაგბი, მოგზაურება (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ).  მოცალეობის ჟამს ძალიან მიყვარს საახლობლო წრეში ლუდით თავის შექცევა.
– ოჯახი…
– მეუღლე ნანა კაპანაძე, ისტორიის დოქტორი და ჩემი კოლეგაა. სხვათა შორის, ექსპედიციაში, საირხის გათხრების დროს, გავიცანით ერთმანეთი. მუშაობს ეროვნულ მუზეუმში. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან გაჭირვების და სირთულეების დროს ყოველთვის ვგრძნობ მის თანადგომას.
ბნელ 90-იან წლებში საკუთარი ოქროს სამკაულებიც კი გაყიდა, რომ მე ჩხარის გათხრები მიმეყვანა ბოლომდე და მაშინ აღმოჩენილი ოქროს საყურეები დღეს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია გამოფენილი…
ვაჟიშვილი დავითი, უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. სანამ უშიშროების საბჭოს გააუქმებდნენ, უსაფრთხოებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. დათოს  მეუღლე ნათია ბაზანაშვილი კომპანია „სილქნეტის“ თანამშრომელია.
ქალიშვილი ანა, გერმანიაში ცხოვრობს, იქ ჰყავს ოჯახი. სანამ საქართველოში ცხოვრობდა, „კავკასიურ სახლში“ მუშაობდა და აქტიურად მომაწილეობდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგებში. ამჟამად  შვილის გამო ჯერჯერობით ვერ მუშაობს. მისი ქმარი ტობიას შუნი ქიმიის დოქტორია. მყავს ორი შვილიშვილი, რომლებიც ახლა ყველაზე მთავარი ადამიანები არიან ჩემ ცხოვრებაში – ცხრა თვის ლუკა ბრაგვაძე და სულ რამდენიმე კვირის მია-ვალესკა შუნი.
სამომავლო გეგმები
– სამომავლო გეგმები ისევ და ისევ არქეოლოგიას, მეცნიერებას, კავკასიის უნივერსიტეტსა და შერიგების პროცესს უკავშირდება.
მაქვს დიდი მიზანი, რომ  ბოლომდე მივიყვანო ითხვისში დაწყებული არქეოლოგიური გათხრები, თუმცა ამ მიზნის შერულებისთვის მარტო ჩემი სურვილი საკმარისი, ცხადია, არ არის. არქეოლოგია ადამიანური რესურსის გარდა გარკვეულ მატერიალურ რესურსებსაც მოითხოვს და იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით შევძლებ ამ მნიშვნელოვანი საქმის ღირსეულად დასრულებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები