ნათია მეზვრიშვილი: სახლის პირობებსა და საკარანტინე სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით ხორციელდება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სახლის პირობებსა და საკარანტინე სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად ხორციელდება.
რაც შეეხება კლინიკურ მართვას, უკვე შემუშავებულია სახლის პირობებსა და საკარანტინე სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა და მუშაობს. მაგალითად, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს უკვე აჭარაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მძიმე შემთხვევების მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, შედარებით მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – კოვიდ-სასტუმროებში” და მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – საცხოვრებელ ადგილას, სადაც საამისოდ სათანადო პირობები არსებობს. იქ, სადაც სათანადო პირობები არ არსებობს, ამისთვის არის „კოვიდ-სასტუმროები”. ბუნებრივია ამაზე, ვინ სად განთავსდეს და ვინ სად გააგრძელოს მკურნალობა შესაბამისი სპეციალისტები იღებენ გადაწყვეტილებას, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად.
„კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად. ბუნებრივია, კლინიკური მართვის ნაწილში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები გვქონდეს, რადგან სეზონურ „გრიპებსაც” ველოდებით, რომელიც შესაძლოა, ამ პროცესს წამოეწიოს და ეს სიახლე არაა,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.