გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებული ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში იკითხება.
მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ფოტოგრაფის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, ბრეგვაძე ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
“მერწმუნეთ, იაკობს დასამალი არაფერი აქვს, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება არ შეუძლია, მან უბრალოდ ადამიანების ოდენობა იცის, დანარჩენს პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. რა კითხვები იქნება, არ ვიცი, იაკობ ბრეგვაძე მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს. ყველა დანარჩენი სტუმარი მანქანით წავიდა, სრულიად შემთხვევით, 6 ადამიანი დარჩა მანქანის გარეშე, ყველა ერთად მოდიოდა თბილისში. მათი სახელებიც კი მაშინ არ იცოდა, იცოდა ჩაცმულობით. რაც შეეხება შემდეგ მოსულ ადამიანებს, მან ისინი სახეზე არ იცის, ვიცით – რომ იყო სიბნელე. მას უფრო კარგად ახსოვს ის ორი ადამიანი, ვინც მაგისტრალზე წამოეწია და ნომრები გაცვალეს მისთვის უცნობმა ადამიანებმა. იაკობმა იფიქრა, რომ როგორც მან უშველა თავს, ისე უშველეს დანარჩენებმაც, რაზეც იაკობი საუბრობს, ამაზე კადრები არსებობს, როგორ შედის იმ სახლში და როგორ გამოდის იმ სახლიდან. ვთქვათ, იაკობ ბრეგვაძე ცრუობს, რას ვუშვებით იმ კადრებს? როცა იაკობი გამოდის იმ სახლიდან და გადადის მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდება. შესაბამისად, მან იფიქრა, რომ სხვებმაც თავს უშველეს. სანამ პატრული მოვიდოდა, იქამდე რომ ურეკავენ ბრეგვაძეს, იქაც ეუბნება, აზრი აღარ აქვს, კონფლიქტი ამოწურულია და ნუ მოხვალთო”, – განაცხადა ჭკადუამ.