ეკა ქობესაშვილი: დღეს გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო, დაკითხვა დროის დაკარგვა იყო

“დღეს გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო. ვფიქრობ, ეს დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაკითხვისას დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

“გამოძიების კითხვებს პასუხი გავეცი. მათთვის ახალი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, რადგან რა ინფორმაციასაც ვფლობ, გამოძიებისთვის მიწოდებული მაქვს. ეს ფოტოები პირდაპირ ეთერში ვნახე და ინფორმაცია მიხეილ რამიშვილისგან მივიღე. ასევე, ვიცოდი, რომ მიხეილ რამიშვილს ჰყავდა წყარო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ფოტოების ავთენტურობაზე. დღეს გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო. ვფიქრობ, ეს დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო. პროცესს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებადაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ისინი ჩემი წარმომადგენლები იყვნენ. მათ არაერთი შუამდგომლობა და დარღვევაზე მითითება ჰქონდათ პროცესთან დაკავშირებით. დარღვევა, ძირითადად, ეხებოდა იმას, რომ პროკურატურას ჩემი საქმიანობის საიდუმლოება აინტერესებდა, როდის დავუკავშირდი ბაჩალიაშვილის ოჯახს, როდის ჩავერთე და რა საუბრები გვქონდა საქმესთან დაკავშირებით მე და მიხეილ რამიშვილს. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი პროტესტი, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არანაირი ფოტო არ არსებობს და წარმოდგენილი ფოტოები ყალბია. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს, ზეწოლა განახორციელოს მიხეილ რამიშვილზე და ამ საქმეზე ბრძოლის შესუსტება მოხდეს”, – განაცხადა ქობესაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები