მინსკში, ლუკაშენკოს რეზიდენციასთან დაცვა გააძლიერეს – მედია საიდუმლო ინაუგურაციაზე წერს

მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლესთან, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეზიდენცია მდებარეობს, დაცვა გააძლიერეს. მედიამ ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა შენიშნა.

Tut.by-ის ინფორმაციით, სასახლესთან, ასევე მასთან ახლოს მდებარე საგამოფენო სივრცე “ბელექსპო”-სთან მოძრაობა გადაკეტილია.

The Village-ის ადგილობრივი რედაქცია წერს, რომ სასახლესთან ხალხი იკრიბება, სავარაუდოდ – ჩინოვნიკები. ასევე, შემჩნეულია სახელმწიფო არხების ჟურნალისტები.

თვითმხილველების თქმით, დამოუკიდებლობის სასახლესთან ლუკაშენკოს კორტეჟიც მივიდა.

23 სექტემბერს ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა ინაუგურაციის ვადის დასეხელებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამას “ცერემონიის მოახლოების” დროს გააკეთებს.

წინა დღით კი ტელეგრამ-არხმა – Nexta-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია, სავარაუდოდ, საიდუმლოდ ჩატარდება. ცერემონიის გამართვის სავარაუდო ვადად 23, 27 და 28 სექტემბერი დასახელდა.

ბელორუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვება ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა, თუმცა, ამას ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება და დღემდე ფაქტს აპროტესტებს.

აღნიშნულს არც დასავლეთი ემხრობა. ევროკავშირი კი ლუკაშენკოს პრეზიდენტად არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები