14 სექტემბრიდან ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ონლაინ განახლდა. აქვთ თუ არა მასწავლებლებს საჭირო კომპიუტერული უნარ-ჩვევები და ხომ არ ტარდება ხარვეზებით გაკვეთილები იმის გამო, რომ ზოგიერთ პედაგოგს არ აქვს შესაბამისი ტექნიკა, ან არ იცის კომპიუტერის მოხმარება? ამ და სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, “კვირა” სსიპ “მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის“ პრესსამსაურის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს“ დაუკავშირდა:
– კორონავირუსის გამო არ დამდგარა დღის წესრიგში მასწავლებელთა სპეციალური გადამზადება. სსიპ “მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი“ წლების განმავლობაში ათობით ტრენინგს ატარებდა სპეციალურად მასწავლებლებისთვის ელემენტარული და შედარებით უფრო რთული უნარების შესასწავლად. დღემდე არ ყოფილა არცერთი საჩივარი მშობლების მხრიდან იმის გამო, რომ რომელიმე სკოლაში გაკვეთილი ჩაიშალა, რადგან მასწავლებელს ან კომპიუტერთან არ მიუწვდებოდა ხელი ან არ იცოდა მისი გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება. გარდა ამისა, განათლების სამინისტროში არის სპეციალური აიპი, რომელიც ზრუნავს თითოეული სკოლის გამართულ ინტერნეტ და ტექნიკურ მუშაობაზე. ინსტრუქტორები, იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ამას მოითხოვს, მიდიან კონკრეტულ სკოლებში და საჭიროებისამებრ ემსახურებიან პერსონალს.
“კვირა“ ქუთაისის პირველი სკოლის პედაგოგს, სალომე ცერცვაძეს დაუკავშირდა:
– თქვენს ისტორიულ სკოლაში 2500 ბავშვი 2 ცვლაში სწავლობს. ონლაინგაკვეთილებს გასულ სასწავლო წელს ან სექტემბრიდან რაიმე სახის ხარვეზი ხომ არ შექმნია?
– დაუჯერებლად მოწესრიგებული სკოლა გვაქვს. სკოლაში რომ შემოიხედოთ, ახლაც მშობლების გრძელი რიგი დგას ჩვენს ტექნიკურ თანამშრომელთან. მშობლებს, რომლებსაც გაუჭირდათ პროგრამა zoom-ის გადმოწერა, სკოლის თანამშრომლები ეხმარებიან და თითოეულ მოსწავლეს პერსონალურ კომპიუტერში უტვირთავენ პროგრამას. ჩვენს სკოლაში მასწავლაბელთა დიდი უმრავლესობა სერტიფიცირებულია და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ტრენინგებიც არაერთხელ გვაქვს გავლილი, ასე რომ, ამ მხრივ პრობლემები არ შეგვქმნია. იმ ძალიან დასაფასებელმა პედაგოგებმა, რომლებიც ასაკში არიან, რამდენიმე დღეში აითვისეს კომპიუტერული პროგრამა და მარტივად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე.
ზუგდიდის მე-2 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ილონა ჩახაია:
-ზუგდიდის მე-2 სკოლაში 2 000 ბავშვზე მეტი სწავლობს. მასწავლებელთა 85 % სერტიფიცირებულია. ვამაყობთ ჩვენი მაღალპროფესიული პედაგოგიური კადრებით. მასწავლებლებისთვის ემოციურად იყო ძნელი ონლაინ მეცადინეობებზე გადასვლა, ყველას უნდა კლასში ბავშვის თვალებს უყურებდეს, რამდენად ყურადღებით უსმენს ის გაკვეთილს. ონლაინ გაკვეთილებმა ეს ემოციური კავშირი ბავშვსა და მასწავლებელს შორის დაკარგა, თორემ ტექნიკურად გაკვეთილს ვერ ვატარებო, არცერთ მასწავლებელს არ დაუჩივლია. ჩვენი უხუცესი მასწავლებელიც კი, 73 წლის ქალბატონი, იქეთ ასწავლის შედარებით ახალგაზრდა პედაგოგებს ონლაინ გაკვეთილის ჩატარების ტექნიკას.
დღეს მოქმედი განათლების მინისტრის სპეციალური განკარგულებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სწავლა 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.