შვედეთში, ვირუსის გავრცელების მატების ფონზე, შესაძლოა, პირველად საყოველთაო კარანტინი დააწესონ
შვედეთის მთავრობა კარანტინის დაწესებაზე დაფიქრდა.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდრეს ტეგნელას განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაში შვედეთში ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება შეინიშნა. ყველაზე მეტი მატება სტოკჰოლმშია.
როგორც ტეგნელმა აღნიშნა, ამჟამად, სრულფასოვანი კარანტინის შემოღების საკითხი მთავრობის დონეზე ჯერ კიდევ განხილვის საგანია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის შემზღუდავი ზომები შეიძლება, დაწესდეს.
აღნიშნულ პოზიციას იზიარებს სტოკჰოლმის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი – ბიორნ ერიქსონი, რომელიც მოქალაქეებს ექიმების რეკომენდაციისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც კორონავირუსის ე.წ. პირველი ტალღის დროს, მკაცრი ზომები არ დაუწესებია. მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ გზით ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმის არიდება იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ამ ნაბიჯის კრიტიკოსები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, ამბობდნენ, რომ შედეგი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი არ აღმოჩნდა.
შვედეთში კორონავირუსის 89 436 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 5 870 პაციენტი ემსხვერპლა.