ბრიტანეთში საკარანტინე ზომები შესაძლოა, 6 თვით გამკაცრდეს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდება, სავარაუდოდ, 6 თვით, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან ბრძოლისთვის იქნება მიმართული.
ამასთან, ჯონსონმა საერთოეროვნული კარანტინის შემოღება გამორიცხა, მაგრამ თქვა, რომ თუ ვირუსი სწრაფად გავრცელდა, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
“ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ უფრო მძლავრი შესაძლებლობა მკაცრი შეზღუდვებით”, – განუცხადა ჯონსონმა პარლამენტს გაერთიანებული სამეფოს მინისტრებსა და ხელმძღვანლებთან საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ჯონსონმა მოუწოდა ოფისის თანამშრომლებს, შეძლებისდაგვარად, დისტანციურად იმუშაონ, ასევე, კვების ყველა ობიექტი 22:00 საათზე დაიხურება, ქორწილში ყოფნა მხოლოდ 15 ადამიანს შეეძლება, 30-ს კი – დაკრძალვაზე. სპორტული ღონისძიებებისთვის სტადიონების ეტაპობრივი გახსნა, რომელიც პირველი ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო – გადაიდო.
ჯონსონის თქმით, გაფართოვდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, ასევე, მისი თქმით, წესების დაცვა გაცილებით მკაცრი იქნება და დასახმარებლად პოლიციას და სამხედროებს მოუხმობენ.
დღეს ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.
გარდა ამისა, უელსის რიგ რაიონში გადაადგილება შეიზღუდება – გასვლა მხოლოდ სამსახურში და სხვა საპატიო მიზეზით იქნება შესაძლებელი. დამატებითი შეზღუდვების შესახებ დღეს ასევე შოტლანდიაში გამოაცხადებენ.