3.15 თუ 3.5 – როგორი იქნება ლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოსათვის

ეროვნული ვალუტა – ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დღეის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 3.1886 ლარი ღირს. ეკონომისტების ერთი ნაწილი ლარის გაუფასურებას ტურისტული სეზონის დასრულებით, მთავრობის სოციალური პროგრამებითა და გაზრდილი ხარჯებით ხსნის.

(ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარება 18 წლამდე ბავშვებს, თვიდასაქმებულთა 300-ლარიანი კომპენსაცია, ვაშლისა და ყურძნის სუბსიდირება და ასე შემდეგ).

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ლარის გაზრდილმა მასამ ბაზარზე განაპირობა კიდეც მისი გაუფასურება. როგორი იქნება ლარის კურსი ახლო მომავალსა და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ფაქტობრივად, არავის აქვს. თუმცა, როგორც TBC Capital-ის მაკრო-სექტორულ ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.15-ის ფარგლებში დაფიქსირდება.

TBC Capital-ში იმედოვნებენ, რომ ლარის კურსის ამ ნიშნულზე შენარჩუნება ბაზარზე აქტიური სავალუტო ინტერვენციებით გახდება შესაძლებელი. ბაზარზე აქტიური სავალუტო ინტერვენციები რომ იგეგმება, ეს გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, ლარის სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის გაყიდვას გეგმავს.

TBC Capital -თან შედარებით უფრო პესიმისტური მოლოდინები აქვს ფინანსური ბაზრის მკვლევარსა და ანალიტიკოსს, ნიკა შენგელიას. მისი აზრით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებიდან (დაახლოებით, 3,8 მილიარდი დოლარი) 200 მილიონზე გაცილებით მეტის გაყიდვა მოუწევს. შენგელიას თქმით, მაშინ, როცა ექსპორტი მცირდება და იმპორტი იზრდება, ლარზე ზეწოლა უფრო დიდი იქნება, შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და უახლოეს მომავალში ბაზარზე, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარი მაინც უნდა გამოიტანოს. შენგელიას თქმით, გუშინ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა და ამან შედეგი ვერ მოიტანა, ლარი ისევ გაუფასურდა.

შენგელია დარწმუნებულია, რომ თუ დროული ჩარევა არ მოხდა, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის შეჩერება შეუძლებელი იქნება და სექტემბრის ბოლოსათვის ლარის კურსი 3.25 -იან ნიშნულს მიაღწევს.

„ლარმა გაუფასურება თუ ამ ტემპით გააგრძელა, შეიძლება, კურსმა 3,50-იან ნიშნულს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მძიმე მდგომარეობას მივიღებთ. არჩევნები ახლოვდება და ვფიქრობ, ახლა ჩაერევიან, თორემ გაზრდილ ფასებს მერე ვერაფერი უშველის. ახლა აქვთ დრო, რომ შემოაბრუნონ სიტუაცია, ლარის ასეთი გაუფასურება საარჩევნოდ წამგებიანია”, – განუცხადა შენგელიამ „ კვირას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები