ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ეწვია
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.
კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ელჩმა ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერა, სადაც ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბი მუშაობს.
შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ – ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა კელი დეგნანს შტაბის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
ეროვნული სიტუაციური ოთახი თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტია, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხისშემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერმინისტრი აღნიშნულ ვითარებას მართავს. ცენტრში შექმნილია საერთო სივრცე სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომლის ერთობლივი მუშაობისთვის, რაც მართვისა და კოორდინაციის ხარისხს აუმჯობესებს. თანამედროვე აპარატურა ინციდენტების ადგილიდან ინფორმაციის – მათ შორის, ვიდეო-აუდიო სიგნალების, ოპერატიულად მიღებისა და დამუშავების საშუალებას იძლევა.
ცენტრი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თანადგომით, ბრიტანული მოდელის, ე.წ. COBR-ის მიხედვით, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით შეიქმნა.