ვენდი მორტონი: ბრიტანეთის საელჩო თბილისში კარგად იცნობს „კავკასუს ონლაინის“ საქმეს და მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება

ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, პარლამენტარმა – კეტრინ უესტმა მის კოლეგას და სახელმწიფო მინისტრ ვენდი მორტონს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაუსვა კითხვა, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ახალ ინვესტორებს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტო დაფინანსება სამი მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა. გამართული დებატი სწორედ ბრიტანეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებებს ეხებოდა.
დებატების ერთ-ერთმა მონაწილემ, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის“.
ვენდი მორტონმა კიდევ ერთ დახმარებაზე, საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა “ტვიტერზე”: „დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გამოყოფილი თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია“.
ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე პარლამენტარმა, კეტრინ უესტმა (ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან) კითხვა დაუსვა ვენდი მორტონს (ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კონსერვატორებისგან) – ლეიბორისტი პარლამენტარი დაინტერესდა, იცოდა თუ არა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ინვესტორების მიმართ და იქონიებდა თუ არა გავლენას მსგავსი პრეცედენტები ბრიტანეთი მთავრობის გადაწყვეტილებებზე საქართველოსთვის დახმარებების გამოყოფის დროს.

კეტრინ უესტი: „რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფონდის თანხები, რომელსაც ბრიტანეთი განკარგავს, საქართველოში კონცენტრირებული იყოს (ა) კორუფციასთან ბრძოლაზე; (ბ) საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაზე; და ფლობთ თუ არა ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს უცხოელი ინვესტორების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ფოთის პორტის პროექტსა და „კავკასუს ონლაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით“?

ვენდი მორტონი: „ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ არსებული ფონდი (GGF) საქართველოში ორიენტირებულია სახელმწიფოს მართვის სისტემების რეფორმირებასა და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია ინსტიტუციონალური ხარვეზების გამოსწორება და კორუფციასთან ბრძოლა. ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დიალოგს საქმიანი გარემოს გასაუმჯობესებლად.

GGF-ის პროგრამის გუნდი თბილისშიც და ლონდონშიც ხელმძღვანლობენ ტენდერებისა და მონიტორინგის ძალიან სანდო მეთოდებით, რათა უზრუნველყონ ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესაბამისობა GGF-ის პრიორიტეტებთან.

ბრიტანეთის საელჩო თბილისში კარგად იცნობს „ანაკლიის პორტის“ და „კავკასუს ონლაინის“ საქმეებს და მომავალშიც ყურადღბით დააკვირდება მოვლენების განვითარებას“.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიისა და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც “კავკასუსისთვის” მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.
„კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა კიდეც. მარეგულირებელმა ორგანომ ის რამდენჯერმე, მათ შორის, უკვე 3-ჯერ მაქსიმალური სანქციით – 270 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს, პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა, ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და, პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო და ასევე დაჩქარებული წესით მოჰყვა ამ ყველაფერს უმკაცრესი შეფასებები საერთაშორისო დონეზე. მაღალი რანგის დიპლომატები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის გაცხადებული ზეწოლა ბიზნესზე, რაც ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს ზიანს აყენებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები