COVID-19 და საქართველო – საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები

“COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე”, – აცხადებს სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, მერსედეს ვერა-მარტინი.

მისი თქმით, მაშინ, როცა პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებულად კონტროლდება, საქართველოს საგარეო პოზიცია გაუარესდა, რამეთუ ტურიზმიდან შემოსავალი, ფაქტობრივად, გაქრა.

“წინასწარი მონაცემების მიხედვით, ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა ივნისიდან დაიწყო. კერძო სექტორის დაკრედიტება კვლავ ჯანსაღი ტემპით მიმდინარეობს, რასაც, ნაწილობრივ, ხელს უწყობს მთავრობის პროგრამა ლარში აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ. ბოლო ხანს ინფლაციის ტემპმა იკლო, სუსტი მოთხოვნისა და ეკონომიკის ჩაკეტვის შემდგომ პერიოდში აღდგენილი მიწოდების გავლენით.
მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 5%-ით. ეს მაჩვენებელი სსფ-უს პროგრამის მეექვსე მიმოხილვისას ნავარაუდევ ზრდის ტემპზე ნეგატიურია, რადგან: ერთი მხრივ, 2020 წლის მეორე კვარტალის ფაქტობრივი მაჩვენებლები და, მეორე მხრივ, საგარეო მოთხოვნის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტია. პანდემიის გარშემო არსებული დიდი გაურკვევლობის გამო, ზრდის ზემოაღნიშნული პროგნოზის თანმხლები რისკების უმეტესობა ნეგატიურია, რაც პროგნოზს დაღმავალი მიმართულებით შეცვლის.
პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ: საგარეო და ფისკალური ბუფერების დაგროვებამ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ შესაძლებლობა მისცა ხელისუფლებას, განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესაკავებლად. მთავრობამ გაზარდა სოციალური ხარჯები, აამოქმედა გადასახადების დროებითი შეღავათები მოსახლეობასა და ბიზნესისთვის. საქმიანობის შესანარჩუნებლად სუბსიდია გამოუყო შოკისგან განსაკუთრებით დაზარალებულ სექტორებს. საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება თანდათანობითი ფისკალური კონსოლიდაცია (ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება), 2020 წელს შემოსავლების ნაწილში დანაკლისის გამო. ამას მოითხოვს ქვეყნის კანონი “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”. ეს აუცილებელია ფისკალური მარაგის შესაქმნელად, რათა გაწეულ იქნეს საჭირო ხარჯები განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, მისია მიესალმება საგადასახადო ადმინისტრირების, ასევე, ფისკალური რისკების აღწერისა და მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს; სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესების სტრატეგიის ჩამოყალიბებას”, – განმარტავს მერსედეს ვერა-მარტინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები