სუს-ის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს: ტოივო კლაარს, ჯიჰან სულთანოღლუსა და რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.

ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები