გია ვოლსკი – ევროპარლამენტარების განცხადებებზე: საქართველომ უნდა განიმტკიცოს ის იმიჯი, რაც მოიპოვა
“ერთია, რას ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და სხვა არის რეალობა”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ კრამონის განცხადება, რომლის მიხედვითაც “მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”.
ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტში დებატებისას გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს გიორგი რურუა და ამით 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს.
„ფოტიგამ განაცხადა, რომ რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ნებისმიერი სხვა შეფასება მის სუბიექტივიზმსა და პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა, ეს წარსულში დარჩა და ზუსტად იცის, რას წარმოადგენს გინდ გიორგი რურუა და გინდ – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ჩართული იყო პარლამენტის აღების ოპერაციაში. ამას რომ კარგად გაითავისებ და კვლავ გაქვს ისეთი შეფასება, რაც ფოტიგას ჰქონდა, მგონი, უკვე ყველაფერი ნათქვამია მისი პოლიტიკური გემოვნების, დაინტერესების შესახებ და ასევე – თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზეა ეს ადამიანი. გვაერთიანებს ის, რომ საქართველომ ის ადგილი უნდა განიმტკიცოს, რომელიც ევროსტრუქტურებში მიიღო. ევროკავშირში ასოცირებული წევრობა ნიშნავს პასუხისმგებლობასაც და სწორედ იმ ფასეულობებით არჩევნების ჩატარებას, რასაც დღეს ევროპარლამენტისგან ვისმენთ, თუნდაც, ჩვენი კოლეგებისგან, ზოგი ამაზე გულწრფელად საუბრობს, ზოგი – შეფარვით და საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობით. საქართველომ უნდა განამტკიცოს იმიჯი, რაც მოიპოვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.