გია ვოლსკი: ვისი საარჩევნო პლაკატიც უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას, ეს დანაშაულია
“ვისი საარჩევნო პლაკატიც უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას. ეს არის დანაშაული”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებას.
ვოლსკის თქმით, პლაკატების გადაფარვა კანონით დაუშვებელია.
„ეს დასჯადია, მაგრამ სულელური განცხადება, რომელიც უგულავამ გააკეთა, რომ, თითქოს, პრემიერის დასანახად მისი პლაკატები გადაფარეს, რომ ვინმეს გული არ გაუსკდეს, სისულელეა. ერთმანეთთან მიმართებით რა განცხადებებს აკეთებენ, ეს სხვა ზღაპარია და სხვა თემაა, მაგრამ ვისი პლაკატიც უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას და ეს არის ფაქტი. ყველა შემთხვევაში, ეს არის დანაშაული. ვისაც პლაკატი აქვს გაკრული, მის პლაკატზე ნუ გადააკრავენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.
“კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით თუ ,,ქოცებს,, ვერ უბედავთ?!, იქნებ, “შეკრულები” ხართ? პ.ს. პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობსო. ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ. ხოდა, სახეს გაუფრთხილდით”, – წერს უგულავა.