1577 სკოლაში დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო

საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით. უზრუნველყოფილნი არიან ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.

“სკოლებში სრულად არის დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას – 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საერთაშორისო პარტნიორებმა წარმატებულ მაგალითად შეაფასეს.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა, ხოლო Microsoft-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები