აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა.
ბანკი 2021 წელს საქართველოსთვის 4.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მომდევნო წელს ტურიზმის, ექსპორტისა და ადგილობრივი მოხმარების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს.
„კოვიდ-19“-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება.
გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობითა და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით, შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად. აზიის განვითარების ბანკი კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პანდემიის დაძლევაში და მის გვერდით იქნება დივერსიფიცირებული და ინკლუზიური განვითარების გზაზე“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინფლაცია 2020 წელს 6.0 პროცენტი, ხოლო 2021 წელს 4.5 პროცენტს შეადგენს, რაც აპრილში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებლებია.
2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6 პროცენტთან შედარებით გაიზარდა და 6.4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6 პროცენტით კვების პროდუქტებზე, 4.3 პროცენტით სხვა საქონელზე და 2.2 პროცენტით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6 პროცენტს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1 პროცენტით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო, ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4 პროცენტით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა.
„კოვიდ-19“-ის შესაკავებლად გატარებულმა შეზღუდვებმა კერძო ინვესტიციები 1.9 პროცენტით შეამცირა. საჯარო მოხმარების მცირედი, 0.9 პროცენტით, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების 0.8 პროცენტიანი კლება შეინიშნა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ორივე მათგანის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე, მოსალოდნელია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატება ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5 პროცენტს შეადგენს.
განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში შესაბამისად 11 და 8 პროცენტით, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგებული დეფიციტის თანმდევი პროგნოზია, რადგან ტურიზმის 29.8 პროცენტით შემცირებამ სერვისების ექსპორტი 15.6 პროცენტით შეამცირა.
ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება.
აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1 966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.