თეა ახვლედიანი: ჟენევის თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები
თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, თეა ახვლედიანმა დეტალურად იმსჯელა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე გამოწვევებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით; პრობლემებზე – რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის გახსნის აუცილებლობას, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რაც უმძიმეს ჰუმანიტარულ გარემოში ამყოფებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის, მოსახლეობის გატაცებების და დაკავებების ჩათვლით, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და დღემდე გრძელდება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ხურვალეთში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს.
“ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის, ასევე მოსახლეობის უკანონოდ დაკავებების სახით. აქცენტი გავაკეთე ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები და მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ და ყოველდღიურ მუშაობას ამ თემებზე, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის და საშუალების გამოყენებით”-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ამ კონტექსტში დეტალურად იქნა განხილული სამშვიდობო ინიციატივები და მათ შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებული ხედვები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟენევის ფორმატის გააქტიურებას და მისი ეფექტიანობის გაზრდას. მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ძირითადად მეორე სამუშაო ჯგუფის თემები, რომლის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნება. ხაზგასმით აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობა.
„ახალ სახელმწიფო მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ დღის წესრიგით არსებული ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებსა და მის პორტფოლიოსთან. ასე რომ, ურთიერთობა ძალიან კარგად დავიწყეთ და მოუთმენლად ველი სამომავლოდაც ძალიან ინტენსიურ და კარგ თანამშრომლობას ახალ სახელმწიფო მინისტრთან”-განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.