აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩრდილოეთ კვიპროსის სანაცვლოდ – მოსალოდნელია თუ არა რუსეთ – თურქეთის ბარტერი საქართველოს ხარჯზე

თურქეთსა და დასვლეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბება. როგორც ჩანს, მსოფლიოში რიგით მეცამეტე ეკონომიკის მქონე ქვეყანას მძლავრი შეიარაღებული ძალებით (ევროპაში რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი არმია) ნატო-ს რიგითი წევრის სტატუსი აღარ აკმაყოფილებს. პოლიტოლოგების შეფასებით, ფაქტია, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელში თურქეთმა საბოლოოდ თქვა უარი მეზობლებთან ე.წ. ნულოვანი პრობლემების პოლიტიკაზე და ცდლილობს, სულ მცირე, რეგიონული მნიშვნელობის დამოუკიდებელ და ბრუტალურ ძალად ტრანსფორმირდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, აშკარაა,რომ თურქეთის ამბიციები იზრდება და შესაძლოა, ეს გარემოება, გარკვეულწილად, საქართველოზეც აისახოს. რონდელის ფონდის მკვლევრისა და აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის ინფორმაციით, სულ ახლახან, თურქეთის ხელისუფლებასთან საკმაოდ დაახლოებულმა ყოფილმა ადმირალმა, ჯემ გურდენიზმა პროსახელისუფლებო CNN Türk-თან ინტერვიუში წამოაყენა იდეა, რომ რადგან რუსეთსა და თურქეთს დასავლეთი „უტევს“, მხარეებმა ერთმანეთთან დაახლოება დაიწყონ და ამ მიზნით მოსკოვმა ცნოს „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, სანაცვლოდ კი ანკარამ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“.

ბატიაშვილის ინფორმაციით, მსგავსი მოწოდებით გამოვიდა თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პარტია „სამშობლოს“ ლიდერი, დოღუ ფერინჩექიც, რომელიც სოხუმსაც კი ეწვია.
ბატიაშვილის მოსაზრებით, ალბათობა იმისა, რომ გურდენიზისა და ფერინექის შემოთავაზება თურქეთის ხელისუფლებამ სამოქმედო რუკად აქციოს არსებობს, თუმცა – მცირე. ბატიაშვილის განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება თურქეთის ურთიერთობები დასავლეთთან და, განსაკუთრებით, რუსეთთან.

როგორც ბატიაშვილი აცხადებს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, თურქეთმა ჩათვალა, რომ ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ამ სახელმწიფოდან მოდიოდა, აღარ არსებობს და დაიწყო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება. სწორედ ამ დამოუკიდებელ პოლიტიკას უკავშირებს ბატიაშვილი იმ პრობლემებს, რომლებიც თურქეთს სირიასა და ლიბიაში შეექმნა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, თურქეთისა და დასავლეთის ინტერესები აშკარად არაა თანხვედრაში და ამან შექმნა კიდეც დაძაბულობა მხარეებს შორის. როგორც ბატიაშვილი აცხადებს, უთანხმოების მიზეზი მხარეებს სხვა ბევრიც აქვთ.

ბატიაშვილის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში სასურველია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ანკარასთან მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი „წითელი ხაზები“ და რომელთა დარღვევის შემთხვევაში მიანიშნოს, რომ ის სერიოზულ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.
სამხედრო საქმის სპეციალისტი და ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე დარწმუნებულია, რომ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ ყველა განცხადებასა და იქ განხორციელებულ ვიზიტებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სათანადო და ადეკვატური რეაქცია ექნება. ამავდროულად, სალუქვაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ თურქეთი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.

„ამ ინიციატივის ავტორები დღეს არ არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ – საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მკვლევრებს, ყოფილ გენერლებს, ანალიტიკოსებს აქვთ უფლება, ისაუბრონ, რაზეც გაეხარდებათ. არის ალბათობა, რომ ეს განცხადებები მართვადია და ემსახურება პოლიტიკაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას. თუმცა, არ მგონია, რომ ამ ეტაპზე თურქეთის ხელისუფლება წავიდეს ამ მიმართულებით და უარი თქვას იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე,რომელიც საქართველოსთან ჩამოუყალიბდა. განსაკუთრებით, ვგულისხმობ რეგიონულ და სტრატეგიულ სატრანზიტო პროექტებს.
მესმის, რომ დღევანდელი თურქეთის პოლიტიკა საკმაოდ რთულია. თურქეთი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა იქედან გამომდინარე, რომ მის ინტერესებში ეს არ შედის. რას მიიღებს, რა დივიდენდებს ის ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით. თურქეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი არ აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას. გამორიცხულია, ამის 1 %-იანი ალბათობაც არ არსებობს“, – აცხადებს სალუქვაძე „კვირასთან“ საუბარში.

მისი აზრით, რუსეთსა და თურქეთს რეგიონსა (სირია) და მის ფარგლებს გარეთაც (ლიბია) იმდენად განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ მათი შეჯერება თითქმის შეუძლებელია. სალუქვაძის შეფასებით, თურქეთში კარგად აცნობიერებენ, რომ დასავლეთის, კერძოდ, ნატო-სა და ამერიკის გარეშე ისინი მარტო რჩებიან იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს.
აქედან გამომდინარე, სალუქვაძე ფიქრობს, რომ თურქეთი უარს ვერ იტყვის არსებულ მოკავშირეებზე რუსეთის სასარგებლოდ. სალუქვაძის მოსაზრებით, ამის გაკეთების საშუალებას, უბრალოდ, საღი აზრი არ იძლევა.

შესაბამისად, სალუქვაზე ფიქრობს, რომ თურქეთ – საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ალბათ, მაინც საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყოფილი ადმირალის – ჯემ გურდენიზის მიერ წამოყენებული „ცისფერი სამშობლოს“ დოქტრინა, რომელიც თურქეთის საზღვაო სივრცის, ძირითადად, საბერძნეთის ხარჯზე გაფართოებას გულისხმობს (12 კუნძული) თურქეთში, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი.

როგორც სტატიაში -„თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება და საქართველო: საფრთხეები და გამოწვევები“ ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თურქეთის მმართველ პარტიასთან კოალიციაში მყოფმა „ნაციოანლისტური მოძრაობის პარტიის“ (MHP) ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ აღნიშნული კუნძულების სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა და მისი გადახედვა მოითხოვა. ბაჰჩელის მოსაზრებით, ეს კუნძულები ათენს 1947 წელს უკანონოდ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები