ბიძინა ივანიშვილი: პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება” კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი

„პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება” კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც 10 სექტემბერს, ფუნიკულიორის ტერიტორიაზე გაიმართა.

როგორც ივანიშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, „ქართული ოცნების” შექმნის იდეაა, საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.

„მივესალმები ჩემს ხალხს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა ყველას – ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდამ ვგრძობდი და ახლაც ვგრძნობ თქვენგან. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და ეს მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. „ქართულ ოცნებას” აქვს ამის ნება და რესურსი, ამ პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის – საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით. ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო, საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო, უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო თვალსაჩინო და ყველასთვის ხელშესახები, შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი. თითოეული მათგანი მზად არის ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები