„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 16 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 10 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: 9,5 ათასი ტონა რქაწითელი, სამი ათასი ტონა საფერავი, ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 200 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 45 ღვინის საწარმო. ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სამ ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
„მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. ერთ კგ ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97).
„სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია“, – აღნიშნავენ სამინისტროში.