ამირან გამყრელიძე სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანლებს რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანლებს რეკომენდაციებით მიმართავს.
გამყრელიძის თქმით, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.
„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებათ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანლებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.