„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად, უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას.
„მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით; ასევე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ის დინამიკა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის მიმართულებით, კულტურის თვალსაზრისით და ხალხთაშორისი ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, არის მთლიანად ის ჩარჩო, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს”,- განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების და აშშ-ის სურვილს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ისეთივე მაღალ ნიშნულზე ავიდეს, როგორიც ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშია.
„ანგარიში, რომელიც გამოიცა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ.