ნათია თურნავა: ვფიქრობთ, რომ „თელასი“ საკმაოდ სარფიანად შეიძლება, გაიყიდოს
“საქართველოში ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა ცოცხლდება, ინტერესი არის პრივატიზაციის მიმართ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გარკვეულ ფილტრებს აწესებს და პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს.
„ჩვენ რასაც ვაკვირდებით ეკონომიკურ აქტივობას, ძალიან ხშირად საქსტატიც აქვეყნებს ამ რიცხვებს, ის ნელ-ნელა ცოცხლდება. ანუ არ არის ისეთი ვითარება, რომ, დავუშვათ, ფასები იყოს დაცემული. იგივე უძრავ ქონებაზე, ფასები კვლავაც საკმაოდ სტაბილურია. ზოგადად, ეკონომიკაში გამოცოცხლებაა, ინტერესი არის პრივატიზაციის მიმართ. თუ გადახედავთ პრივატიზაციის რიცხვებს, 2019 წელთან შედარებით არის საკმაოდ დიდი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად პანდემიისა და შეიძლება სწორედ იმის გამო, რომ გლობალურად პანდემიაა და საქართველო უკეთ გამოიყურება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინვესტორები, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები მონაწილეობენ პრივატიზაციაში.
რაც შეეხება უშუალოდ „თელასს“, თქვენ იცით, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკუთრებასა და გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეულ ფილტრებს აწესებს, ანუ ეს პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე, ეს პროცესი უნდა იყოს მართული, ასე რომ, აქ რაიმე რისკებს ვერ ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სარფიანად შეიძლება, გაიყიდოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.