“საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, რომელიც ყოველთვის ერთერთი გამორჩეული იყო ჩვენს რეგიონში, კვლავ შენარჩუნდა და ამისათვის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი ხელისუფლების ეფექტურ ძალისხმევაზე მიანიშნებს.
„ინვესტიციებთან მიმართებით ზრდის მაჩვენებელი, ასევე, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოხერხდა საერთო სტაბილურობის შენარჩუნება. ამავდროულად, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებმაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი, რამაც მთლიანობაში უზრუნველყო ის შედეგი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ვფიქრობ, ობიექტურმა შემფასებელმა ეს უნდა დაინახოს.
ამ ყველაფერმა ერთობლიობაში – მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და გონივრულმა წამახალისებელმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი გახადა, არსებული კრიზისის მიუხედავად, შენარჩუნებულიყო წლების განმავლობაში კონკურენტულ უპირატესობებად ჩამოყალიბებული სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.