უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ონლაინდისკუსია პირველად გაიმართა

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, პირველად გაიმართა ონლაინდისკუსია ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც “საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების” თემას მიეძღვნა.

საგარეო უწყების ცნობით, დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის თანაორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპული უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებებით მომუშავე ბრიტანელმა და ქართველმა ექსპერტებმა, კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებებისა და საელჩოების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.

“მრგვალი მაგიდა ორ სესიად გაიმართა. პირველი ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებს და მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე მათ ნეგატიურ გავლენას მიეძღვნა. ხოლო მეორე სესია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს დაეთმო.

ონლაინ შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. აქცენტი გაკეთდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის, ხოლო, მეორე მხრივ, გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისკენაა მიმართული. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევაზე და აღინიშნა ბრექსიტის შემდგომ პერიოდში გაერთიანებული სამეფოს კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროება, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების, ისე საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებებით,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები