“ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსის პირობებში ბიზნესის გახსნა მდგრადი და ეფექტური იყოს”, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მიხეილ დაუშვილმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა საზღვაო და მომიჯნავე სფეროების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრები გამართეს.
„ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრას რეგიონულ დონეზე, რომლის მიზანია გავიგოთ, რა ტიპის პრობლემები აქვს ბიზნესს ადგილობრივ დონეზე და რა ტიპის გავლენა მოახდინა კორონავირუსმა მათზე. ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსის პირობებში ბიზნესის გახსნა მდგრადი და ეფექტური იყოს.
დღეს შევხვდით პორტებს, ტერმინალებს, ფორვარდერებსა და მეთევზეებს. მოვისმინეთ მათი საქმიანობის შესახებ და იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კორონავირუსს ფოთისა და ბათუმის ძირითად ეკონომიკურ აქტორებზე”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესი პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს და აგრძელებს მუშაობას.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანო, საზღვაო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავს შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
სააგენტოს ხელმძღვანლის, თამარ იოსელიანის შეფასებით, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები შედგა საზღვაო და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან.
„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დარგის წინაშე დგას და, ასევე, გადაჭრის გზებზე, ერთი ფანჯრის პრინციპის მნიშვნელობასა და მის დანერგვაზე საქართველოს პორტებში, ასევე, ფოთში საზღვაო სასწავლებლის მნიშვნელობაზე, როდის გაიხსნება და რა მიმართულებებს მოემსახურება. უშუალოდ ინდუსტრიისგან მოვისმინეთ ის გამოწვევები, რაც „კოვიდ-19“-სგან გამომდინარე დგას და ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც, რასაც, სახელმწიფოსთან ერთად, ინდუსტრია გვთავაზობს”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.