ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ნატო-ში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ნატო-ს საბჭო დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მოსალოდნელია, რომ, სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, რომელშიც რუსეთის მთავრობას დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

მანამდე, სტოლტენბერგმა პოლიტიკოსის მოწამვლას “შოკისმომგვრელი” უწოდა და აღნიშნა, რომ ნატო ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს, როგორც საფრთხეს მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბუნდესვერის ლაბორატორიის დასკვნაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსი პოლიტიკოსი იყო მოწამლული “ნოვიჩოკის” ტიპის შხამით, რომელიც ასევე იყო გამოყენებული 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში.

რუსეთში კი განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობისგან ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მტკიცებულება არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები